უსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

დეგნანი კონტრაბანდაზე: მტკიცედ მოვუწოდებ, საკითხი შესაბამის სამთავრობო არხებზე გადაიტანონ

US Embassy Tbilisi, Georgia / Facebook

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ კონტრაბანდაზე უკრაინის განცხადება "სერიოზული ბრალდებებია". ელჩი მთავრობებს "მტკიცედ მოუწოდებს", საკითხი შესაბამის არხებზე გადაიტანონ, სადაც გამოძიებული და გადაწყვეტილი იქნება. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

"საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ იგი არ მისცემს ამის საშუალებას, რომ მოხდეს რამე ამგვარი დარღვევა. ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამბობენ – არავის შეუძლია ამ სასტიკი ომის შეჩერება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პუტინს შეუძლია, რადგან მან დაიწყო ეს ომი. სანქციები არსებობს, რათა მოხდეს მასზე ზეწოლა და ეს უნდა თანმიმდევრული, ერთიანი, მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რათა ეს ზეწოლა განხორციელდეს. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით". - ამბობს დეგნანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

დეგნანის თქმით, საკითხი მედიის წინაშე არ უნდა გადაწყდეს. 

"ეს ნამდვილად ძალიან სერიოზული საკითხებია, რომლებიც არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე. ამისათვის აუცილებელია, მოხდეს მნიშვნელოვანი სამთავრობო არხების გამოყენება, რაც არსებობს. ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთი. მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი". - ამბობს ის. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ საქართველოსგან ელოდებიან მტკიცებულებებსა და არგუმენტებს, რომ ქვეყანა რუსეთს არ ეხმარება. საპასუხოდ, ქართული ოცნება "კატეგორიულად მოითხოვს", უკრაინამ "ამაზრზენ ბრალდებაზე" მტკიცებულებები თავად წარადგინოს. 

მანამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაციია, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს.

საქართველოს ტერიტორიით კონტრაბანდის მიწოდების შესახებ ინფორმაციაზე ისაუბრა უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმაც.

"ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოვიდეს რუსეთში,  რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენში, ბუჩაში, ჩერნიგოვში, ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა ეს". – თქვა ვერეშჩუკმა ფორმულას ეთერში.

კომენტარები