რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 5 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალებმა მიატოვეს შეტევითი ოპერაციები კიევზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის გასაძლიერებლად განაგრძეს პოზიციების შეცვლა. ოკუპანტებმა კიევიდან გამოსვლა თითქმის დაასრულეს და ბელარუსიდან გამოყვანილი საბრძოლო ძალების ნაწილს რუსეთში გადაანაწილებენ. უკრაინის სამხედრო ძალები კიევისა და ჟიტომირის ოლქის მსგავსად, ცდილობენ ჩერნიგოვის სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის აღდგენას. ოკუპანტები რუსეთისა და სუმის მიმართულებით გადაადგილდებიან, თუმცა უცნობია საზღვარზე გაჩერდებიან, თუ სუმის მიმართულებით დაიწყებენ პოზიციების დაკავებას. 

რუსეთს კიევიდან გამოყვანილი სამხედრო ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში ჯერ არ გადაუყვანია. ოკუპანტთა ქვედანაყოფები, რომლებიც იზიუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ სლოვიანსკისკენ გადაადგილდებიან, წარმოადგენენ პირველი გვარდიის სატანკო არმიის ნაწილებს, რომლებიც ხარკოვ-სუმის რეგიონში იმყოფებოდნენ. რუსეთის  ქვედანაყოფები, რომლებმაც კიევში პოზიციები მიატოვეს, გაუგებარია, ჩაერთვებიან თუ არა საომარ მოქმედებებში. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოსკოვმა აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლოა 35-ე გაერთიანებული შეიარაღებული არმიის 64-ე მოტომსროლელი ქვედანაყოფი გაგზავნოს, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბუჩაში ომის დანაშაული ჩაიდინა. იმ იმედით, რომ სამხედრო ძალების დამნაშავე წევრები და ომის დანაშაულის მოწმეები უკრაინის ძალებთან ბრძოლისას დაიღუპებიან.

ოკუპანტთა ჯარების კიევის დატოვების შემდგომ, ბელგოროდი გახდა კონცენტრაციისა და ძალების აღდგენის კერა. ცენტრალური სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები, რომლებიც ჩერნიგოვის ოლქში პოზიციებს ტოვებენ, ბელგოროდისკენ მიემართებიან. მათი საბოლოო დანიშნულება ჯერ უცნობია. 

მარიუპოლის ბრძოლა გრძელდება, რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ ქალაქის შეტევას არტილერიისა და საჰაერო ძალების გამოყენებით. მარიუპოლის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ინფორმაციის მიღება საკმაოდ რთულია, თუმცა უკრაინის ძალები, როგორც ჩანს, ქალაქში პოზიციებს ინარჩუნებენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმიდან სლოვიანსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციები განახორციელეს და მცირე პროგრესს მიაღწიეს. რუსეთს ჯერ არ უცდია დიდი ძალების კონცენტრირება ამ მიმართულებით, სამაგიეროდ აგრძელებს ცალკეული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების გაგზავნას დამოუკიდებელი შეტევებისთვის.

ISW-ს ძირითადი დასკვნები:

  • კიევის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის პროცესი თითქმის დასრულდა. 
  • მოსკოვს ქვედანაყოფები დასავლეთ უკრაინიდან აღმოსავლეთში საბრძოლველად არ გადაუყვანია.
  • უკრაინის სამხედრო ძალები მარიუპოლში ოკუპანტებს მდგრად წინააღმდეგობას უწევენ.
  • ოკუპანტებმა იზიუმ-სლოვიანსკის ღერძზე შეზღუდული შეტევითი ოპერაციები განახორციელეს.

კომენტარები