ოკუპირებული ცხინვალი

ზალკალიანი: მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი, არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება

კადრი ვიდეოდან / David Zalkaliani / Facebook

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მის დანიელ კოლეგასთან, იეპე კოფოდთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების რეფერენდუმი საქართველოსთვის ყოვლად მიუღებელია და მას არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება.

"არის მცდელობა, რომ ის მძიმე შედეგები, რომლებიც 2008 წელს ვიხილეთ, განმეორდეს და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან თანმიმდევრულები ვართ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის, რომელიც მიმართულია დეოკუპაციასა და ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე, რომელიც საქართველომ არაერთხელ აიღო.

ჩვენ ამ ვალდებულების ერთგული ვართ და ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. სამწუხაროდ, დღევანდელ მძიმე სიტუაციაშიც კვლავ გვესმის სხვადასხვა სახის მოწოდებები, რომლებიც სრულ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომლებიც ევროკავშირისთვისაც და საქართველოსთვისაც ღირებულია.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული. ამ ტერიტორიების ოკუპაციას აქვს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც. ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ იქ მიმდინარეობს ოკუპაცია. ოკუპაციის პირობებში არავითარ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა, მით უფრო, რომ ეთნიკური წმენდის შედეგად ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან და არ ეძლევათ იქ დაბრუნების უფლება. აქაც გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი მეგობრების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა". - ამბობს ზალკალიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმი შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს. ამის შესახებ 30 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა თქვა.

"სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი – ზომებს მალე მივიღებთ" – ამბობს ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი.

კომენტარები