რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინული დელეგაციის წევრი მოწამვლაზე: კარგად ვარ, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას

უკრაინის პარლამენტის წევრი, რუსტემ უმეროვი, რომელიც გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, ერთ-ერთია, ვინც აბრამოვიჩთან ერთად სავარაუდო მოწამვლის მსხვერპლი გახდა, გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"კარგად ვარ. ეს არის ჩემი პასუხი ყველა იმ ყვითელი სიახლის შესახებ, რომელიც ვრცელდება. გთხოვთ არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ჩვენ საინფორმაციო ომშიც ვიმყოფებით. თავს გაუფრთხილდით, დიდება უკრაინას". - წერს უმეროვი.

The Wall Street Journal-ის ცნობით, რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის 2 წევრს, რომლებიც ერთმანეთს კიევში, მარტის დასაწყისში, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდნენ, შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ. ინფორმაციას გამოცემა საქმეში ჩახედულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემას წყარომ უთხრა, კიევში 3 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ, აბრამოვიჩს, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოსკოვსა და ლვოვშიც ესწრებოდა, და ასევე, უკრაინული დელეგაციის მინიმუმ 2 წამყვან წევრს მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ, მათ შორის, თვალების ჩაწითლება, უწყვეტი და მტკივნეული ცრემლდენა და სახესა და ხელებზე კანის აცლა.

კომენტარები