რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: აბრამოვიჩს და უკრაინული დელეგაციის 2 წევრს სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ

The Wall Street Journal-ის ცნობით, რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის 2 წევრს, რომლებიც ერთმანეთს კიევში, მარტის დასაწყისში, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდნენ, შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ. ინფორმაციას გამოცემა საქმეში ჩახედულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემას წყარომ უთხრა, კიევში 3 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ, აბრამოვიჩს, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოსკოვსა და ლვოვშიც ესწრებოდა, და ასევე, უკრაინული დელეგაციის მინიმუმ 2 წამყვან წევრს მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ, მათ შორის, თვალების ჩაწითლება, უწყვეტი და მტკივნეული ცრემლდენა და სახესა და ხელებზე კანის აცლა.

როგორც გამოცემა წერს, მათ სავარაუდო თავდასხმა კრემლში კომპრომისების მოწინააღმდეგე ძალოვანთა ჯგუფს დააბრალეს, რომლებსაც მათი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურდათ. აბრამოვიჩთან დაახლოებული პირის თქმით, ოლიგარქისთვის უცნობია, ვისი სამიზნე გახდა აღნიშნული ჯგუფი.

წყაროს ცნობით, აბრამოვიჩისა და უკრაინული დელეგაციის წევრების, მათ შორის უკრაინის პარლამენტის წევრის, რუსტემ უმეროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდა და მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ არის. რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც აბრამოვიჩს ასევე შეხვდა, მას ჯანმრთელობის პრობლემები არ შექმნია. ზელენსკის სპიკერის თქმით, პრეზიდენტს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

საქმეში ჩახედული პირების თქმით, დასავლელ ექსპერტებს, რომლებიც შემთხვევის დეტალებს გაეცნენ, გაუჭირდათ დადგენა სიმპტომების გამომწვევი ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერება იყო თუ რაიმე სახის ელექტრომაგნიტური რადიაციული თავდასხმა.

საგამოძიებო ჟურნალისტური გამოცემის, Bellingcat-ის გამომძიებელის, ხრისტო გროზევის თქმით, რომელმაც გამოცემის კოლექტივთან ერთად 2020 წელს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე გამოიძია, მან ნახა ფოტოები, სადაც აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის წევრებს სიმპტომები აღენიშნებოდათ, მაგრამ ნიმუშების დროულად შეგროვება ვერ მოხერხდა, რადგან ზემოხსენებული ადამიანები ლვოვიდან სტამბოლში მიდიოდნენ და დრო არ ჰქონდათ. მოგვიანებით, კი სავარაუდო საწამლავის აღმოსაჩენად ზედმეტი დრო იყო გასული. თუმცა, გროზევის შეფასებით, "[მოწამვლის] მიზანი მათი მოკვლა არ იყო და მომხდარი უბრალოდ გაფრთხილებას წარმოადგენდა".

კომენტარები