რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთ თვეში 128 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

UNIAN

უკრაინაში რუსული აგრესიის ერთი თვის თავზე, ქვეყნის გენერალური პროკურატურა დაღუპული ბავშვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპანტების აგრესიას 128 უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მათივე ცნობით, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 172-მა ბავშვმა. ყველაზე მეტი, 64 ბავშვი კიევში დაშავდა, ხარკოვში - 43, დონეცკში - 43, ჩერნიგოვში- 32, ნიკოლაევში - 24, ჟიტომირში - 15, ხერსონში -15 და სუმისში - 14.

რუსეთის მხრიდან ყოველდღიური დაბომბვებისა და საარტილერიო თავდასხმების შედეგად დაზიანდა 566 საგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 73 სრულიად განადგურებულია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები