რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ოკუპანტების საბრძოლო მდგომარეობა 22 მარტისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

დონეცკელი პრორუსი სეპარატისტები 
ТАСС

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსულმა ძალებმა 22 მარტს, ისევე, როგორც გასულ დღეებში, მნიშვნელოვანი ტერიტორიული დაწინაურება ვერ შეძლეს. ამასთან ერთად, უკრაინულმა ძალებმა კიევისა და ნიკოლაევის ჩრდილო-აღმოსავლეთით რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელეს. რუსული სამხედრო ძალები კიევის გარშემო სახმელეთო შეტევების წარუმატებლობის შემდეგ პრიორიტეტს შორ მანძილზე დაბომბვას ანიჭებენ, რათა დიდ ქალაქებს სწრაფად დანებება აიძულონ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებს ხარკოვის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებში სამხედრო ოპერაცია არ ჩაუტარებიათ. 

ძირითადი დასკვნები:

  • რუსეთის თავდაპირველი კამპანის წარუმატებლობის გამო, ოკუპანტები კიევისა და სხვა დიდი ქალაქების ასაღებად ხანგრძლივი დაბომბვის ფაზაში გადადიან.
  • უკრაინულმა ძალებმა კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით რამდენიმე ადგილობრივი კონტრშეტევა განახორციელეს.
  • ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ძალებს ჩრდილოეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაცია არ ჩაუტარებიათ.
  • რუსულმა ძალებმა განაგრძეს ნელი წინსვლა მარიუპოლში.
  • რუსეთმა ვერ დანიშნა ოპერაციის მეთაური, რამაც ქმედებების სინქრონიზაციასა და მარაგების მართვას ხელი შეუშალა.

რუსეთის სამხედრო ძალები სახმელეთო შეტევების წარუმატებლობის გამო აგრძელებენ საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს, როგორც სამოქალაქო პირებზე, ასევე სამხედრო ობიექტებზე. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა თვითმფრინავმა 80-ზე მეტი გაფრენა განახორციელა. 21 მარტს პენტაგონის პრესმდივანა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქების ასაღებად შორ მანძილზე დაბომბვა დაიწყეს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწიონ.

ოკუპანტები ლოგისტიკისა და გაძლიერების კუთხით მუდმივ პრობლემებს აწყდებიან. 22 მარტს უკრაინის გენშტაბმა პირველად განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს, კერძოდ, ხერსონის მახლობლად მოქმედ მე-7 საჰაერო მოიერიშე დივიზიას სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების ნაკლებობის გამო დიდი ზიანი ადგება. გენშტაბი იტყობინება, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს საბრძოლო მასალისა და საკვების მარაგის სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ამასთან ერთად, ოკუპანტები დანაკარგების შესავსებად სამხედრო დანაყოფების გაერთიანებას იწყებენ. რუსეთი რეკრუტირების მეთოდებს აფართოებს, მათ შორის, ზრდის დონეცკის ოლქში იძულებით გაწვეულთა რაოდენობას და სესხზე შეღავათის სანაცვლოდ მოსახლეობას აიძულებს, სამხედრო კონტრაქტებს მოაწერონ ხელი. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი აძლიერებს პროპაგანდას ბელარუსის კონფლიქტში ჩასათრევად. აშშ-ს ოფიციალურ პირების თქმით, ბელარუსის მხრიდან არ ჩანს მზაობა, რომ კონფლიქტში ჩაერთოს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა სარდლობისა და კონტროლის საკითხები მარტივად გადაჭრან. 21 მარტს აშშ-ს თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები დაუცველ საკომუნიკაციო საშუალებებს იყენებენ. CNN-ის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალების მეთაურის დანიშვნის საკითხი უცნობია. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ოკუპანტების სამხედრო დანაყოფები რესურსების სიმცირის გამო ერთმანეთს კონკურენციას უწევენ და კოორდინირებულად არ მოქმედებენ.

კომენტარები