რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სავარაუდოდ, ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში მალე ჩაერთვება – CNN

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-სა და NATO-ს მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს მალე შეუერთდება. 

NATO-ს სამხედრო ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ სულ უფრო "სავარაუდო" ხდება ბელარუსის კონფლიქტში ჩართვა. მისი განმარტებით, "პუტინს მხარდაჭერა სჭირდება, მას ყველაფერი დაეხმარება".

პარალელურად, NATO-ს  დაზვერვის წარმომადგენელმა თქვა, რომ ალიანსის დაკვირვებით, ბელარუსი "ამზადებს სცენარს უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის შეტევის გასამართლებლად".

ბელარუსის ოპოზიციის წყარომ აღნიშნა, რომ ქვეყნის საბრძოლო ნაწილები მზად არიან, უკრაინაში უახლოეს დღეებში შევიდნენ. ამ წყაროს ცნობით, ბელარუსის ჩართვა დიდ  გავლენას ვერ მოახდენს სამხედრო თვალსაზრისით, სამაგიეროდ შეცვლის სურათს გეოპოლიტიკურად, რადგან ომში სხვა ქვეყნებსაც ჩაითრევს.

ბელარუსმა გასულ თვეს შეცვალა კონსტიტუცია და ნებადართული გახადა ქვეყანაში რუსული სამხედრო ძალებისა და ბირთვული იარაღის მუდმივმასპინძლობა, თუმცა აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს CNN-თან, რომ მათ ჯერ არ უნახავთ ბელარუსში ბირთვული იარაღისთვის მზადების რამე მტკიცებულება. 

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა ნაწილობრივ ბელარუსის ტერიტორიიდან დაიწყო. მანამდე,  კრემლის უკრაინაში შეჭრის წინ, ბელარუსში ათასობით რუსი ჯარისკაცი, ორივე ქვეყნის მტკიცებით, მხოლოდ სამხედრო წვრთნებისთვის შეიკრიბა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები