რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას განიხილავს – Reuters

Frederick Florin / AFP

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას განიხილავს. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. საკითხის ევროკავშირის ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთ მომავალ სამიტებზე განიხილავენ. სამიტების მიზანი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დასავლეთის პასუხის განმტკიცებას ემსახურება.

"ჩვენ სანქციების მეხუთე პაკეტზე ვმუშაობთ, ბევრი ახალი სახელია შემოთავაზებული" - თქვა Reuters-სთან ანონიმურ საუბარში ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

Reuters-ი წერს, რომ დიპლომატის ცნობით, ბალტიის ქვეყნები რუსეთისთვის ემბარგოს დაწესებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეს შემდეგი ლოგიკური ნაბიჯია, მაგრამ გერმანია გაერთიანებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ევროპაში საწვავზე უკვე გაზრდილ ფასზე მიუთითებს.

მოსკოვმა უკვე გააფრთხილა ევროკავშირი, რომ სანქციების საპასუხოდ რუსეთმა შესაძლოა ევროკავშირს გაზის მიწოდება გადაუკეტოს. ევროკავშირი რუსულ გაზზე 40%-ით არის დამოკიდებული, ევროკავშირის ძლიერი ეკონომიკებიდან კი ენერგო სფეროში რუსეთზე ყველაზე მეტად გერმანიაა დამოკიდებული. გარდა ამისა ბულგარეთი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, ბულგარეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას კი რუსული კომპანია Lukoil-ი ფლობს და ქვეყანას საწვავის 60%-ს აწვდის.

ევროკავშირის სანქციების მიღებისთვის სახელმწიფოებს შორის კონსენსუსია საჭირო. მნიშვნელოვანია საფრანგეთის პოზიციაც. ამჟამად ევროკავშირის ექვსთვიანი პრეზიდენტობის პოსტი საფრანგეთს უკავია.

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონმა მანამდე თქვა, რომ თუ უკრაინაში მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება სანქციების დაწესებისას "ტაბუ" არ უნდა არსებობდეს.

"ამ სანქციების მიზანია აიძულოს პრეზიდენტ პუტინს ახალი გათვლები გააკეთოს. ჩვენს პარტნიორებსა და რუსეთთან მოვაჭრე ქვეყნებს შორის, არიან ისეთები, რომლებიც უფრო მგრძნობიარე არიან ნავთობის და გაზის საკითხის მიმართ. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა თქვა, რომ არ არსებობს რაიმე ტაბუ" - თქვა მაკრონის წარმომადგენელმა.

Reuters-ი წერს, რომ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება და დედაქალაქ კიევის მძიმე დაბომბვა შეიძლება რუსულ ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს მიზეზი გახდეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები