ჩეჩნეთი

Мемориал-ი ადასტურებს, რომ ჩეჩნეთში ათობით ადამიანი გაიტაცეს

ოსლოში გამართული აქცია ჩეჩნეთში გატაცებების შეწყვეტის მოთხოვნით
Кавказ.Реалии

ადამიანის უფლებათა ცენტრმა Мемориал-მა დაადასტურა მანამდე ოპოზიციურ ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაცია ჩეჩნეთში ათობით ადამიანის გატაცების შესახებ. უფლებადამცველების თქმით, გატაცებულია 80-დან 90-მდე ადამიანი.

Мемориал-ის ინფორმაციით, გატაცებების ტალღა უკავშირდება სოციალურ ქსელებში 6 მაისს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც უცნობი პირი ცეცხლს უკიდებს მანქანას, სანომრე ნიშნებზე წარწერით "Дустум". ამ სახელს წარსულში ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი იყენებდა, ახლა კი მას მეტსახელად კადიროვის უფროსი ვაჟი, ადამი იყენებს.

უფლებადამცველებმა რამდენიმე გატაცებულის ვინაობისა და მათი დაკავების გარემოებების დადგენა შეძლეს. მათი ინფორმაციით, გატაცებულთა უმრავლესობა, 50-მდე პირი, მანქანის დაწვაში ეჭვმიტანილის, საიფ-ისლამ ელმურზაევის ოჯახის წევრია. მათ შორის არიან მოხუცები და ორსული ქალიც.

სულ მცირე ექვსი ადამიანი გაიტაცეს სოფელ გოისკოედან. 30-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს ქალაქ შალიდანაც. Мемориал-ის ინფორმაციით, ისინი გადაიყვანეს გროზნოში, სადაც 4 მათგანი დატოვეს, დანარჩენები კი უკან, შალის პოლიციის განყოფილებაში დააბრუნეს.

Мемориал-მა ასევე დაადასტურა ინფორმაცია შალინსკის რაიონში ადგილობრივი მკვიდრის, დენი ზარმაევის ცხედრის პოვნის შესახებ. მამაკაცი ხიდის ქვეშ ჩამოკიდებული იპოვეს, თუმცა, უფლებადამცველებს არ აქვთ ინფორმაცია მისი დაღუპვის მიზეზებზე და უკავშირდება თუ არა ეს გატაცებების ტალღას.

კომენტარები