რუსული კანონი

რუსული კანონით მოთხოვნისას სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო ხდება

ქართული ოცნება

რუსული კანონის საბოლოო ვერსიით, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების, მათ შორის საიდუმლოებებისა და "განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების" - სქესობრივი ცხოვრების, ფილოსოფიური და სხვაგვარი მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებების, პროფესიული კავშირის წევრობის შესახებ ინფორმაციისა და სხვა ცნობების მოძიების უფლება ექნება.

როგორც კანონში წერია, უფლებამოსილ პირს "უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია". 

"განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება" - წერია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის "ბ" ქვეპუნქტში.

უფლებამოსილი პირს ამ ინფორმაციის გამოთხოვნის შესაძლებლობა სააგენტოს მიერ შეტანილი განაცხადის, საფინანსო დეკლარაციის ან რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის გამოსაკვლევად და მონიტორინგის მიზნით ექნება.

ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, პირი 5 000 ლარით ჯარიმდება.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით". - წერია რუსულ კანონში.

კანონის შესახებ ამ ინფორმაციას იურისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს

"თუ თქვენ, კერძო პირს სამინისტრო რომელიმე ორგანიზაციის მონიტორინგის ფარგლებში მოგთხოვთ, რომ ინფორმაცია წარუდგინოთ და თქვენ ამას დაუყოვნებლივ არ გააკეთებთ დაჯარიმდებით. ჯარიმის ოდენობა 5000 ლარია. ყველაზე საინტერესო ის არის რა ინფორმაცია შეიძლება მოითხოვონ თქვენგან?

ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია" არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც. მოთხოვნის ზუსტი ფარგლები ბუნდოვანია, მაგრამ ზოგიერთი რამ პირდაპირ ჩაწერეს და ესაა „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები". - წერს მენაბდე.

კომენტარები