რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 112 ბავშვი დაიღუპა, 140-ზე მეტი დაიჭრა – პროკურატურა

EPA

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 24-ე დღის მონაცემებით 112 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 140-ზე მეტი დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს

მათივე ცნობით, ყველაზე მეტი მსხვერპლი ქვეყნის დედაქალაქ კიევშია, სადაც 57 ბავშვი გარდაიცვალა. ხარკოვში - 36, დონეცკში 28, ჩერნიგოვში - 30, ნიკოლაევში - 21, ჟიტომირში - 15, სუმიში - 14, ხერსონში - 14.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს 489 საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, მათგან 69 მთლიანად განადგურდა.

უწყება აცხადებს, რომ მონაცემები არ არის სრული, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების ზონებიდან ინფორმაციის მიღება შეუძლებელია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები