რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-ს ქვედა პალატამ რუსეთისა და ბელარუსის ვაჭრობაში უპირატესი ერის სტატუსის გაუქმებას მხარი დაუჭირა

Reuters

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უმრავლესობით, 424 ხმით 8 -ის წინაარმდეგ,  მხარი დაუჭირა რუსეთისა და ბელარუსიისთვის ვაჭრობაში უპირატესი ერის სტატუსის ჩამორთმევას.

კანონი ჯერ კიდევ უნდა მიიღოს სენატმა, საბოლოოდ კი ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა. დამკვირვებელთა შეფასებით, მის მიღებას რაიმე დაბრკოლებას არ ექნება.

რესპუბლიკელმა ვიქტორია სპარცმა, კონგრესის ერთადერთმა უკრაინული წარმოშობის წევრმა, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კანონ პროექტში ჩართულია რუსეთის ახლო მოკავშირე ბელორუსიც.

"ვერ შევქმნით ეკონომიკურ ხვრელს, რომელსაც პუტინი გამოიყენებს ფულის გადასატანად".  - აღნიშნა მან.

11 მარტს ბაიდენმა რუსეთის ვაჭრობაში უპირატესი პარტნიორის სტატუსის გაუქმება მოითხოვა. გადაწყვეტილება დიდი შვიდეულის, G7-ის ქვეყნებთან და ევროკავშირის წევრებთან კორდინირებით იქნა მიღებული.

რუსეთის სავაჭრო სტატუსის ცვლილილება აშშ-ს და მოკავშირეებს საშუალებას მისცემს დააწესონ უფრო მაღალი ტარიფები ზოგიერთ რუსული პროდუქტის იმპორტზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის რუსეთის ეკონომიკის იზოლაციას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები