რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 109 ბავშვი გარდაიცვალა, დაშავდა 130-ზე მეტი – პროკურატურა

ოკუპანტების შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 109 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 130-ზე მეტი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაბომბვების შედეგად დაზიანდა 439-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათგან 63 მთლიანად განადგურდა.

გუშინ, 17 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვის რაიონის სოფელი ზოლოჩოვი. შედეგად ერთი ოჯახიდან – დედა ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდა მამა და 4 წლის ქალიშვილი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები