CNN-ის ინფორმაციით, უკრაინულმა ავიაციამ გაანადგურა რუსი ოკუპოანტების სამხედრო ვერტმფრენები, რომლებიც ხერსონის მახლობლად დროებით დაკავებულ აეროპორტში იყო განლაგებული.
Planet Labs-ის ახალი სატელიტური სურათების მიხედვით, უკრაინის საჰაერო ძალების შეტევის შედეგად რუსების, სულ მცირე, 3 ვერტმფრენის დაიწვა.
CNN-ის ცნობით, ეს ოპერაცია უკრაინელმა სამხედროებმა 15 მარტს ჩაატარეს. გამოცემა მას უწოდებს რუსების თვითმფრინავებზე უკრაინის საჰაერო ძალების ყველაზე ძლიერ თავდასხმას, რომლის შესახებაც ამ დრომდეა ცნობილი.
NASA-ს სახანძრო ინფორმაციის რესურსების მართვის სისტემამ (FIRMS), რომელიც მთელ მსოფლიოში დიდ ხანძრებს აკონტროლებს, ოკუპირებულ აეროპორტზე უკრაინის საჰაერო ძალების წარმატებული შეტევა დაადასტურა.
ვერტმფრენების გარდა, აეროპორტში მოწინააღმდეგის სამხედრო მანქანებიც დაიწვა.
Unian-ის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ამ დრომდე ოკუპანტების 77 თვითმფრინავი და 90 ვერტმფრენი გაანადგურეს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.







