რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Эхо Кавказа: რუსეთმა უკრაინაში ოკუპირებული ცხინვალიდან კონტრაქტორები გაგზავნა

ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშით
Эхо Кавказа

რადიო თავისუფლების პროექტის, Эхо Кавказа-ს ცნობით, რუსეთმა უკრაინაში საომრად გაგზავნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრები კონტრაქტორები, რომლებიც აქ მყოფ მე-4 გვარდიის სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჯავშანტექნიკის გადაადგილების კადრები, რომლებშიც ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები ოკუპირებულ რეგიონს ტოვებდნენ. ზოგიერთ კადრში ჩანს როკის გვირაბიც. 

ინფორმაცია ფაქტობრივად დაადასტურა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ, რომელსაც საკუთარ Telegram-არხზე ასევე ჰქონდა გამოქვეყნებული კადრები. 

"ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა გაანადგურონ ნაცისტები, რომლებიც საკუთარ ერს ატერორებენ. ისინი ძალიან მოტივირებულები არიან, ბევრ მათგანს ვესაუბრე. მიდიან, რათა ჩვენს ძმებზე შური იძიონ!". – დაწერა კოკოითიმ Telegram-ის არხზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები