რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: ომის დაწყებიდან ამ დრომდე, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 3 მილიონი გახდა

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ქვეყანა სამმა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა. ამის შესახებ გაეროს წარმომადგენელმა, პოლ დიონმა ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაეროს ინფორმაციით, იმ 3 მილიონი ადამიანიდან, ვინც უკრაინა დატოვა, 1.4 მილიონი ბავშვია, დაახლოებით 157 000 კი სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უკრაინაში ცხოვრობდა.

ყველაზე მეტი, 1.8 მილიონი უკრაინელი პოლონეთში წავიდა, 200 000-მა კი ჩეხეთს შეაფარა თავი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები