რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კვიპროსის ეკლესიის მეთაური: პუტინი შეიძლება ტაძარში დადიოდეს, მაგრამ ამავე დროს კლავს

DHA

კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა, ქრიზოსტომოსმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ისაუბრა. მეუფის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უდიდეს შეცდომას უშვებს და არ აინტერესებს, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპება.

"პუტინი შეიძლება ტაძარში დადიოდეს, ინანიებდეს, ჯვარი ეკეთოს, ეზიაროს, მაგრამ ამავე დროს კლავს, ეს არის მისი მართლმადიდებლობა?" – თქვა მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა.

კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა გაამართლა მსოფლიო პატრიარქი, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას უჭერდა მხარს და ნათელი გახდა, რომ საკითხი მხოლოდ რელიგიური არ ყოფილა.

"ძმები, რომლებიც ამბობდნენ, რომ უკრაინის საკითხი თეოლოგიური და რელიგიური იყო, ეს უარყვეს. აღმოჩნდა, რომ ეს პოლიტიკური საკითხი იყო". – თქვა მეუფე ქრიზოსტომოსმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები