რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევაზე ბრალდება სიმართლე არაა – პაპუაშვილი სტეფანჩუკს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს წერილით მიმართავს. 

წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერასთან  მიმართებაში, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება არის ერთიანი. ამასთან, პაპუაშვილი წერს, რომ  ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით სიცრუეა. 

"თქვენ მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის მომზადებულ ვიდეო-მიმართვაზე პასუხად, გიდასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობა და საუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა აერთიანებთ. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ხედვას ჩვენი ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით.

1990-იანი წლების დასაწყისში და შემდგომ - 2008 წელს საქართველომ საკუთარი სისხლის ფასად პირველმა გამოსცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ათწლეულებია გრძელდება რუსული ოკუპაცია, რომელსაც ჩემი ქვეყნისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ყოველდღიურად ტრაგიკული შედეგები მოაქვს. დღეს კი უკრაინაში ვართ მომსწრე რუსეთის კიდევ ერთი სრულმასშტაბიანი აგრესიის.

საქართველო ყოველთვის გამოხატავდა ერთგულებას ჩვენი მოძმე უკრაინისადმი, განსაკუთრებით, 2014 წელს რუსეთის მიერ თქვენ წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ. ამ ისტორიულმა უსამართლობამ ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა. სწორედ ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი დახმარებისთვის, ომისა და აგრესიის შეჩერებისა და ნატოსა და ევროკავშირისკენ ჩვენი საერთო მომავლის გზაზე დაბრუნებისთვის.

საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას. ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის შეჭრის დაგმობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში - რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების მოწოდების თანაავტორობით, ევროპის საბჭოში - რუსეთის მონაწილეობის შეჩერების მხარდაჭერით.

ამიტომ გულდაწყვეტილები ვართ, რომ პოლიტიკურმა სპეკულაციებმა და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე და უანგარო მხარდაჭერას და სოლიდარობას.

ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს.

ბატონო თავმჯდომარევ, დარწმუნებული იყავით, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ვართ ერთიანი, და არა დაყოფილი, უკრაინისადმი მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს თანადგომას".- პაპუაშვილის წერილი FACEBOOK-ზე ვრცელდება. 

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა 6 მარტს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქართველ დეპუტატებს მიმართავს და რუსეთის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქიცების შემსუბუქებას გამოეხმაურა. 

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის დაწესებული სანქციების პარალელურად, რუსეთი აპირებს, ქვეყანაში 15 ქართული მწარმოებლის რძის პროდუქტის ექსპორტი დაუშვას. ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიულმა საზედამხედველო სამსახურმა (როსსელხორნადზორმა) წამოაყენა წინადადება, რომელიც 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემას ეხება.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია 5 მარტს მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც როსსელხორნადზორის ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელთან გოშარ ილახი ოგლი თახმზლისთან ერთად მონაწილეობდა.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტის ზრდის მიმართულებით მუშაობა და მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან მიმდინარეობს.

კომენტარები