რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყოფილი ცოლი ტიმოშჩუკს: უკრაინელ ბავშვებს კლავენ ისინი, ვისაც შენ ახლა ტრ**ს ულოკავ

Sport.ua

ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი რუსული კლუბის, ზენიტის, მთავარი მწრთვნელის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ომის დაწყების შემდეგ სპორტსმენმა არ დატოვა თანამდებობა და არ გააკეთა კომენტარი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის შეჭრის შესახებ. 

ზენიტში დარჩენის გამო ტიმოშჩუკი არაერთმა უკრაინელმა სპორტსმენმა და პოლიტიკოსმა გააკრიტიკა. მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ ფეხბურთელი ყოფილმა ცოლმა, ნადია ნავროცკაიამ გააკრიტიკა.

"ტოლიკ, შეხედე, ეს ჩვენი უკრაინელი ბავშვები არიან. ისეთივე ბავშვები, როგორებიც მე და შენ გვყავს! მათ ყოველდღე კლავენ, ის ადამიანები, რომელთაც შენ ახლა ტრ**ს ულოკავ. შენ კლავ ბავშვებს მათთან ერთად. ყოველდღე შენ კლავ უკრაინელ ბავშვებს! 

იგივეს გეუბნებოდი 2014-შიც, მაგრამ შენ არჩიე მთელი ეს წლები გეცხოვრა და სიამოვნება მიგეღო, საკუთარი შვილების უბედურების ხარჯზე. შენ იტყუებოდი, ატყუებდი გარშემო ყველას! შენ და მამაშენი ყოველთვის ამბობდით, რომ სამართლიანობის მხარეს ხართ. მართლა გგონია, რომ ჩვენი ბავშვების სიკვდილი სამართლიანია? შენ შეგეძლო გემუშავა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში! რატომ იხდი ფულს ჩვენი ბავშვების მკვლელობაში! 

ოდესაღაც შენ ალქაჯი მიწოდე. იცოდე, გისურვებ ცხოვრების ბოლომდე გესიზმრებოდნენ ბავშვები, რომლებიც ამ ომში იღუპებიან". – წერს სოციალურ ქსელში ნავროცკაია.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გრძელ პოსტს თანდართული აქვს დაბომბილი სამშობიაროს ფოტოები.

ანატოლი ტიმოშჩუკი უკრაინელი ნახევარცველია. სხვადასხვა წლებში თამაშობდა შახტარში, ზენიტსა და მიუნხენის ბაიერნში, უკანასკნელის შემადგენლობაში გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. 2013 წელს დაბრუნდა ზენიტში, 2017 წლიდან გახდა მთავარი მწრთვნელის ასისტენტი. სპორტსმენის გადაწყვეტილებას სამშობლოში ნეგატიურად შეხვდნენ.

ტიმოშჩუკსა და ნავროცკაიას ორი შვილი ჰყავთ. წყვილი 2016 წელს განქორწინდა. ამჟამად ყოფილი ცოლი შვილებთან ერთად მიუნხენში ცხოვრობს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

კომენტარები