აშშ-საქართველო

ბროკ ბირმანი აშშ-ს: მიეცით საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება

ბროკ ბირმანი

"მიეცით საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება." - ამ სათაურით სტატიას გერმანიის მარშალის ფონდის მოწვეული ამერიკელი მკვლევარი და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპის და ევრაზიის ბიუროს ყოფილი ასისტენტ - ადმინისტრატორი, ბროკ ბირმანი გამოცემა The Hill-ში აქვეყნებს.

ავტორი მიიჩნევს, რომ აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოს და გაამტკიცოს ურთიერთობები რეგიონში.

"აშშ-მ უნდა აღიაროს, რომ პუტინის საბოლოო მიზანია, რუსეთის პერიფერიაში არსებული ქვეყნებს წარმატებულ დემოკრატიებად და პარტნიორებად ჩამოყალიბებას ხელი შეუშალოს. ფაქტია, რომ თუ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფოები იქნება, უფრო და უფრო მეტი რუსი მოითხოვს იმავეს სახლში, წნეხის ქვეშ მოაქცევენ პუტინის ავტორიტარულ რეჟიმს და ძალმომრეობას რუს ხალხზე. შესაბამისად, სამხედრო დახმარება არ არის რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყნების დახმარების ერთადერთი საშუალება.

უნდა განვიხილოთ რა ეკონომიკური საშუალებები გვაქვს საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების გასაძლიერებლად და რეგიონში ამერიკული კავშირების გასამტკიცებლად, განსაკუთრებით, საქართველოსთან, რომლის 20% ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული." - წერს ბირმანი.

ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველების უმეტესობა დასავლეთთან ინტეგრაციის გაღრმავებას ემხრობა და უკრაინაში კრიზისის ფონზე სწორედ ახლაა კონკრეტული მოქმედების დრო, რომელიც საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას დაეხმარება. ბირმანი მიიჩნევს, რომ ეს მხარდაჭერა აშშ-სთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება უნდა იყოს.

"ნებისმიერი ეკონომისტი საქართველოში ერთსა და იმავეს გეტყვით: აშშ-ს აქვს ნამდვილი შესაძლებლობა, ჰქონდეს უშუალო გავლენა, რომელიც არა მხოლოდ დაეხმარება დემოკრატიის ზღვარზე მყოფ ამ პატარა ქვეყანას, არამედ ნამდვილი შესაძლებლობაა პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევა იქ, სადაც ეტკინება" - წერს ბირმანი.

ავტორი მიიჩნევს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მარტივი გამოსავალი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, რომლის მიღებაც მალევე შეიძლება და მას ხანგრძლივი გავლენა ექნება საქართველოზე.

"ეჭვგარეშეა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსთან ექნება დაუყოვნებლივი გავლენა და გრძელვადიანი სარგებელი როგორც საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვის, ასევე აშშ-ს სტრატეგიული ინტერესებისთვის. ეს სწრაფად გაამყარებდა ქართულ ლარს, გაზრდიდა ინვესტიციებს კერძო სექტორში და დემონსტრაციულად გაუწევს წინააღმდეგობას რუსულ დეზინფორმაციას, რომ აშშ-ს რეგიონი არ აინტერესებს და არასაიმედო პარტნიორია. შეთანხმება ასევე გააძლიერებდა საქართველოს, როგორც ლიდერს რეგიონში, რასაც დამატებითი სიკეთის მოტანა შეუძლია" - წერს ბირმანი.

ბირმანი აღნიშნავს, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოტენციალზე მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ესაუბრა.

ავტორი მიიჩნევს, რომ აშშ-მ უნდა იფიქროს წინ აღუდგეს პუტინს არა მხოლოდ უშიშროების პოლიტიკით არამედ ეკონომიკური პოლიტიკითაც.

"მოკლედ რომ ვთქვათ, ქართველებს სურთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ეს ყველასთვის მომგებიანი და უნდა მივცეთ. ბოლოს და ბოლოს ეს ჩვენს საუკეთესო ინტერესებშია" - წერს ბირმანი.

კომენტარები