რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დახურეთ ცა და მიწაზე ომს ჩვენ გავუმკლავდებით – უკრაინის პირველი ლედის ღია წერილი

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დახურეთ ცა და მიწაზე ომს ჩვენ გავუმკლავდებით – უკრაინის პირველი ლედის ღია წერილი

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკაია ღია წერილს ავრცელებს და მსოფლიო ლიდერებს უკრაინის ცის ჩაკეტვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს წერილი პასუხია ყველა ინტერვიუს თხოვნაზე. ოლენა ზელენსკაია მიმართვას INSTAGRAM-ზე ავრცელებს.

ბოლო დროს უამრავმა მედიამ მთელი მსოფლიოდან ითხოვა ინტერვიუები. ეს წერილი არის ჩემი პასუხი ამ თხოვნებზე და ჩემი ჩვენება უკრაინიდან.

რაც ერთი კვირის წინ მოხდა, დაუჯერებელი იყო. ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანი იყო, ჩვენი ქალაქები და სოფლები სავსე იყო სიცოცხლით.

24 თებერვალს ყველამ გამოგვაღვიძა რუსეთის შემოჭრის შესახებ განცხადებამ. ტანკებმა გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი, თვითმფრინავები შემოვიდნენ ჩვენს საჰაერო სივრცეში, რაკეტების გამშვებებმა ალყა შემოარტყეს ჩვენს ქალაქებს.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლის პროპაგანდისტული საშუალებები მას "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებდნენ, ეს სინამდვილეში უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაა.

ამ შემოსევის ყველაზე საშინელი და დამანგრეველი ნაწილი ბავშვების დაღუპვაა. რვა წლის ალისა, რომელიც გარდაიცვალა ახტირკას ქუჩაზე, როდესაც ბაბუა ცდილობდა მის დაცვას. ან პოლინა კიევიდან, რომელიც დაბომბვისას მშობლებთან ერთად დაიღუპა. 14 წლის არსენს ნამსხვრევები თავში მოხვდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან ძლიერი ხანძრის გამო სასწრაფო დახმარების მანქანა დროულად ვერ მივიდა.

როდესაც რუსეთი ამბობს, რომ "არ აწარმოებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", მე ჯერ ამ მოკლული ბავშვების სახელებს ვიძახი. 

ჩვენი ქალები და ბავშვები ახლა თავშესაფრებში და სარდაფებში ცხოვრობენ. თქვენ ალბათ ყველას გინახავთ ეს კადრები კიევისა და ხარკოვის მეტროსადგურებიდან, სადაც ადამიანები ბავშვებსა და შინაურ ცხოველებზე გადაფარებულები იატაკზე წვანან.

ზოგისთვის ეს მხოლოდ ომის შედეგებია, უკრაინელებისთვის კი ეს უკვე შემზარავი რეალობაა. ზოგიერთ ქალაქში ოჯახები ზედიზედ რამდენიმე დღე ვერ ახერხებენ თავშესაფრებიდან თავის დაღწევას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განურჩეველი და მიზანმიმართული დაბომბვისა გამო.

ომში ახალშობილებმა პირველად ბეტონის სარდაფის ჭერი დაინახეს, მათი პირველი ამოსუნთქვა მიწისქვეშა ჰაერი იყო და მათ ხაფანგში ჩავარდნილი და შეშინებული საზოგადოება შეხვდა. ამ დროისთვის რამდენიმე ათეული ბავშვია, რომლებმაც ცხოვრების მანძილზე მშვიდობაში არ უცხოვრიათ. 

ეს ომი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარეობს და არა მხოლოდ დაბომბვით.

ზოგიერთ ადამიანს ესაჭიროება ინტენსიური მკურნალობა მკურნალობა, რასაც ამჟამად ვერ იღებენ. რამდენად ადვილია ინსულინის შეყვანა სარდაფში? ან ასთმის წამლის მიღება ძლიერი ცეცხლის ქვეშ? რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით ონკოლოგიურ პაციენტზე, ვისთვისაც გადაუდებელი ქიმიოთერაპია და რადიაციული მკურნალობა ახლა უსასრულოდ გადაიდო.

სოციალურ მედია სავსეა სასოწარკვეთილებით. ბევრი ადამიანი, მათ შორის მოხუცები, მძიმედ დაავადებულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებულები არიან გაწყვიტონ კომუნიკაცია ოჯახთან. იყვნენ მოშორებით და ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე. ამ უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ომი ორმაგი დანაშაულია.

ჩვენი გზები სავსეა ლტოლვილებით. შეხედეთ ამ დაღლილ ქალებსა და ბავშვებს თვალებში, რომლებიც თან ატარებენ გულისტკივილს საყვარელი ადამიანების და ნაცნობი ცხოვრების დატოვების გამო. კაცები, რომლებსაც ისინი საზღვარზე მიჰყავთ, ცრემლებს ღვრიან, რადგან ოჯახთან გაყოფა უწევთ, მაგრამ გაბედულად ბრუნდებიან ჩვენი თავისუფლებისთვის საბრძოლველად. ყოველივე ამის შემდეგ, ამ საშინელების მიუხედავად, უკრაინელები არ ნებდებიან.

აგრესორი პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაში ბლიცკრიგს (ელვისებური ომი) გააჩაღებდა. მაგრამ მან ვერ შეაფასა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მათი პატრიოტიზმი. უკრაინელები, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, მშობლიური ენის, სარწმუნოებისა და ეროვნებისა, უბადლო ერთიანობაში არიან.

მაშინ, როცა კრემლის პროპაგანდისტები ტრაბახობდნენ, რომ უკრაინელები მათ ყვავილებით ხვდებოდნენ, როგორც მხსნელებს, ისინი მოლოტოვის კოქტეილებით მოიგერიეს. 

მადლობას ვუხდი თავდასხმის ქვეშ მყოფი ქალაქების მაცხოვრებლებს, რომლებიც გაერთიანდნენ დაშავებულთა დასახმარებლად. მადლობას ვუხდი მათ, ვინც აგრძელებს მუშაობას- აფთიაქებში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სოციალურ სამსახურებში - ისინი გვაჩვენებენ, რომ უკრაინაში სიცოცხლე იმარჯვებს.

მადლობელი ვარ მათი, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ჩვენს მოქალაქეებს. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მადლობა ჩვენს მეზობლებს, რომლებმაც გულუხვად გახსნეს საზღვრები ჩვენი ქალებისა და ბავშვებისთვის თავშესაფრის უზრუნველსაყოფად, მათი უსაფრთხოებისთვის, როცა აგრესორმა ამის შესაძლებლობა წაგვართვა. 

ყველა ადამიანს მთელ მსოფლიოში, ვინც ერთიანდება უკრაინის მხარდასაჭერად - ჩვენ გხედავთ! ჩვენ გიყურებთ და ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას.

უკრაინას მშვიდობა სურს. მაგრამ უკრაინა დაიცავს თავის საზღვრებს, დაიცავს თავის იდენტობას და ამას ის არასდროს დათმობს.

ქალაქებში, სადაც დაბომბვა გრძელდება, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ ხვდებიან, რომლებიც დღეების განმავლობაში ვერ ახერხებენ სარდაფებიდან გამოსვლას, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო დერეფნები ჰუმანიტარული დახმარებისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის უსაფრთხო ადგილებამდე. ჩვენ გვჭირდება, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა დახურონ ჩვენი ცა!

დახურეთ ცა და ჩვენ თვითონ მივხედავთ ომს ჩვენს მიწაზე. 

მოგმართავთ, ძვირფასო მედია: განაგრძეთ ჩვენება, რაც აქ ხდება და გააგრძელეთ სიმართლის ჩვენება. რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომში ყველა მტკიცებულება გადამწყვეტია.

ამ წერილით მე ვადასტურებ და ვეუბნები მსოფლიოს: უკრაინის ომი არ არის ომი "სადღაც გარეთ". ეს არის ომი ევროპაში, ევროკავშირის საზღვრებთან არც თუ ისე შორს. უკრაინა აჩერებს ძალებს, რომლებიც ხვალ შეიძლება აგრესიულად შევიდნენ თქვენს ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის საბაბით.

შეიძლება გასულ კვირას მე და ჩემს ხალხს ეს გადაჭარბებულად გვეჩვენებოდა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ და ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება. თუ არ შევაჩერებთ პუტინს, რომელიც ბირთვული ომის დაწყებით იმუქრება, მსოფლიოში არც ერთი ჩვენგანისთვის არ იქნება უსაფრთხო ადგილი.

Ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ერთიანობის გამო. უკრაინის სიყვარულის გზაზე ერთიანობის გამო.

დიდება უკრაინას!

კომენტარები