რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონში ოკუპანტებმა მაღაზიიდან სასმელი მოიპარეს, დალიეს და ადგილობრივებს ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინაში, ხერსონის ოლქის სოფელ ჩორნობაივკაში რუსმა ოკუპანტებმა მაღაზია გაძარცვეს, ალკოჰოლური სასმელი მოიპარეს, დალიეს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ადგილობრივებმა რადიო თავისუფლების უკრაინის ბიუროს განუცხადეს.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცებს, რომლებიც ოკუპანტებს შეეკამათნენ, ესროლეს. რუსებმა აგრეთვე ცეცხლი გაუხსნეს სოფელში მდებარე საცხოვრებელ სახლებსაც. გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი, ჯერჯერობით, უცნობია. ინციდენტის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა შიშის გამო სარდაფებში იმალება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები