გიგი უგულავა

სასამართლომ გიგი უგულავა აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

"ორივე მხარემ სასამართლოს წარმოუდგინეთ თქვენი პოზიციების გამამყარებელი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევაც მოხდა მაქსიმალურად თანაბარ გარემოში. ამავდროულად, ორივე მხარემ ყურადღება გაამახვილეთ კონფლიქტის დაწყების ეტაპზე და ეს სწორია, რადგან ძალადობის საქმეებზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტის დაწყების საკითხს. უნდა დადგინდეს, კონკრეტული პირი იმყოფებოდა თავდასხმით მდგომარეობაში, თუ თავდაცვითში. 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბადრი გავაშელიშვილსაც აღენიშნება სახეზე ფიზიკური დაზიანება, თავის მხრივ კი გიორგი უგულავასაც აღენიშნება სახის არეში დაზიანება. მხარეების მიერ განვითარებული ვერსიებიდან, რომელი ვერსიაა რეალური და სინამდვილის შესატყვისი, ამის გადასაწყვეტად სასამართლოს სჭირდება დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც ახლა არ იქნა სასამართლოსთვის წარმოდგენილი. ამ პირობებში, თქვენ მიერ განვითარებული ვერსიები რჩება ვერსიებად, მხოლოდ ვარაუდის დონეზე. აქედან გამომდინარე, გიორგი უგულავა აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი". - თქვა მოსამართლემ.

2019 წლის 11 დეკემბერს უგულავასა და გოკა გაბაშვილს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი დაესხა - საბა (ბადრი) გავაშელიშვილი და დავით პარკაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა ნაცვლად ბრალის გავაშელიშვილისთვის წაყენებისა, უწყებამ ბრალი უგულავას წარუდგინა. ძიუდოისტი გავაშელიშვილი ამტკიცებდა, რომ მას უგულავამ სცემა და ამ ცემის შედეგად მან ფიზიკური ტკივილი განიცადა.

კომენტარები