რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, აშშ-ში რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტს აკრძალავს

ჯო ბაიდენი
The White House

CNN-ის ცნობით, დღეს, 8 მარტს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, აკრძალავს ამერიკაში რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტირებას.

სავარაუდო აკრძალვის შესახებ CNN-ის ეთერში ისაუბრა დემოკრატმა სენატორმა, კრის კუნსმა.

აშშ ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე. საკითხთან დაკავშირებით საუბარი მიმდიბარეობს დასავლელ პარტნიორებთანაც, რომლებიც რუსეთიდან იმპორტირებულ რესურსებზე უფრო მეტად არიან დამოკიდებული.

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დასავლეთს რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები