რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანდელაკი რიჟვაძეზე: მოღალატეობრივი საქციელით ოცნება უარს ამბობს მომავალში დეოკუპაციაზე

გიორგი კანდელაკი

"ესაა მოღალატეობრივი ხელისუფლების შეთანხმებული ხაზი". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომელიც არ აკონკრეტებს, თუ რომელმა ქვეყანამ დაიწყო ომი უკრაინაში.

"შეთანხმებული ხაზია როგორც ჩანს პრემიერის დონეზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დონეზე, რომ მათ არა თუ სიტყვა აგრესიის, არა თუ სიტყვა სამხედრო შეჭრის, არამედ რუსეთის ხსენებაც კი აკრძალული აქვთ. პრაგმატიზმსა და უღირსებას შორის, პრაგმატიზმსა და ღალატს შორის დიდი ზღვარია, ეს ერთი და იგივე არ არის. ამ უღირსი, მოღალატეობრივი საქციელით, არ მინდა ამის თქმა, თუმცა სხვა გზა არ არის, ეს არის საქართველოს ღალატი, მთავრობა უარს ამბობს მომავალში ქვეყნის დეოკუპაციაზე". – ამბობს გიორგი კანდელაკი.

გუშინ, 7 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა, თორნიკე რიჟვაძემ თავი აარიდება დაესახელებინა, თუ რომელმა ქვეყანამ დაიწყო ომი – რუსეთმა თუ უკრაინამ.

ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა, რიჟვაძე პასუხად ამბობს, რომ ამ საკითხზე "დარგის ექსპერტებს" უნდა მიმართონ.

ჟურნალისტის გამეორებულ კითხვაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კვლავ არ ასახელებს ომის დამწყებ ქვეყანას და ამბობს: "მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას. საერთაშორისო სასამართლოს მიმართეთ". – ასე პასუხობს თორნიკე რიჟვაძე.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები