რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი მოლაპარაკებებზე: ჰუმანიტარული თვალსაზრისით პოზიტიური წინსვლებია

მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ჰუმანიტარული კორიდორის ლოჯისტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით გარკვეული პოზიტიური წინსვლებია. 

"მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. არის მცირე პოზიტიური წინსვლები ჰუმანიტარული კორიდორების ლოჯისტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ლოჯისტიკის ნაწილში გარკვეული ცვლილებები შევა, რათა იმ ხალხის დახმარება შევძლოთ, ვინც რუსული აგრესიის მსხვერპლია. საბაზისო პოლიტიკურ ნაწილში - ცეცხლის შეწყვეტის და უსაფრთხოების გარანტიების კუთხით ინტენსიური კონსულტაციები გაგრძელდება. დღეის მდგომარეობით, საფუძვლიანი შედეგები ჯერ არ გვაქვს, თუმცა როგორც გითხარით კონსულტაციები ისევ გაგრძელდება და შედეგს მივაღწევთ".- ამბობს პოდოლიაკი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები