რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

წყლის ნაყვა ანუ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები შეთანხმების შესაძლებლობის გარეშე

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

წყლის ნაყვა ანუ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები შეთანხმების შესაძლებლობის გარეშე

ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ერთადერთი ლეგიტიმური მიზეზით დათანხმდა: "არცერთ მოქალაქეს არ შეეპარება ეჭვი იმაში, რომ მე, როგორც პრეზიდენტმა, ვცადე, შემეჩერებინა ომი მაშინ, როდესაც ამის სულ მცირე შანსი მაინც არსებობდა“.

რა ვითარებაში დაიწყო მოლაპარაკებები

დღეს არავის, დაწყებული რუსული დელეგაციიდან, დამთავრებული უკრაინულით, არ სჯერა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია.

მაშინ, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირში მიღებაზე განაცხადს აწერდა ხელს, ვლადიმირ პუტინი კი ემანუელ მაკრონს მოთხოვნების "უპირობო" გათვალისწინების სურვილზე ესაუბრებოდა. კრემლის განცხადებებით ვიგებთ, რომ პუტინის მოლოდინი ომისგან უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობას საერთოდ არ ითვალისწინებს. მხარეებს შეთანხმების შესაძლებლობები ჯერჯერობით არ აქვს.

რა უნდა პუტინს?

პუტინი მოლაპარაკებების მაგიდამდე მიდის განცხადებით, რომ მას სურს უკრაინის:

  • დენაციფიკაცია
  • დემილიტარიზაცია
  • ნეიტრალიზაცია

რატომ დენაციფიკაცია?

რუსეთის მოთხოვნა უკრაინის დენაციფიკაციაზე მხოლოდ პროპაგანდისტული ტროპია. სინამდვილეში, ზელენსკის მთავრობის ნაცისტურად მოხსენიება არსებული მთავრობის გადაყენებას და მის სანაცვლოდ კრემლისადმი კეთილგანწყობილი, პრორუსული მთავრობის დაყენებას გულისხმობს. უკრაინული მთავრობის დენაციფიკაციის რუსულ იდეას ასე აჟღერებენ: ოკუპანტი ქვეყანა დონბასს იცავს "გენოციდისგან", რომელსაც მოსახლეობა 8 წელია, განიცდის "ნაცისტური და რუსოფობი მთავრობის მმართველობის ქვეშ".

მაგრამ ფაქტები სხვა, რეალურ სიმართლეს აჩვენებს: უკრაინაში დღეს დემოკრატიული მმართველობაა, მას ჰყავს 2019 წელს 5 წლის ვადით არჩეული ებრაელი პრეზიდენტი, რომლის ნათესავებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ. 

მეტიც, მცირე დროის განმავლობაში უკრაინა ისრაელის გარდა იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც სახელმწიფოს ერთდროულად მართავდა ორი ებრაელი: პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკი და პრემიერმინისტრი - ვლადიმერ გროისმანი.

პუტინის მიერ "კიევის რეჟიმად" წოდებული ქვეყნის პოლიტიკა ებრაელების მიმართ ისეთივე აშკარა და მარტივია, როგორც რუსეთის სურვილი - გადააგდოს უკრაინის მთავრობა და ჩაანაცვლოს იგი პრორუსი მარიონეტებით.

დემილიტარიზაცია - რუსეთს სურს, უკრაინამ იარაღი დაყაროს და ჩაბარდეს

უკრაინის წინააღმდეგ პუტინი აყენებს მეორე ძირითად მოთხოვნას: ქვეყნის დემილიტარიზებას. როგორც კრემლი ამბობს, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთს სამხედრო საფრთხე ემუქრება. ამის “აღსაკვეთად” არც უკრაინამ და არც სხვა ქვეყანამ უკრაინის ტერიტორიაზე არ უნდა განათავსოს ისეთი იარაღი, რომელიც რუსეთს “საფრთხეს” შეუქმნის. ასეთად კრემლის მიერ მიჩნეულია ყველა ის იარაღი, რომელიც უკრაინას რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად სჭირდება. მაგალითისთვის, თუ როსტოვის სამხედრო აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავები უკრაინას ბომბავენ, ხოლო უკრაინა ამ აეროდრომების დაბომბვას შეძლებს, ეს, პუტინის მიხედვით, რუსეთისთვის საფრთხეა. პუტინი ასევე საფრთხედ აღიქვამს უკრაინის შესაძლებლობას, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით ჩამოაგდოს მის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ. 

თუ კრემლის ამგვარ განცხადებებს რეალურ სურვილად დავაკონვერტირებთ, დავასკვნით, რომ მათ უნდათ, მიიღონ ქვეყანა, რომელიც უბრძოლველად ჩაბარდება "ისტორიულ პატრონს". უკრაინის ბრძოლისუნარიანობა პუტინს ამის თქმის საშუალებას აღარ აძლევს. დანაკარგით გაბოროტებული უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ რუსეთის დემორალიზებულ ჯარს 5-ჯერ მეტი რესურსიც არ ეყოფა დაპყრობილი უკრაინის შესანარჩუნებლად, ვიდრე ახლა აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ჯარის 85% უკვე უკრაინის ტერიტორიაზეა.

რუსეთის განცხადებებიდან ამ პუნქტის გათვალისწინების გონივრული საფუძველი სინამდვილეში არსებობს, მაგრამ არა ისე, როგორც ეს პუტინს წარმოუდგენია. ქვეყნის დემილიტარიზება იქნება გამოსავალი იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში მუდმივ მზადყოფნაში იქნებიან ნატოს ჯარები. მაგალითისთვის, იაპონია დემილიტარიზებული სახელმწიფოა, მაგრამ ეს მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ იქ მუდმივად დგას ამერიკის ჯარი, რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს. ამისთვის უკრაინას სჭირდება ნატოს ღია კარი.

დემილიტარიზების ალტერნატივა: ნატოში შესვლის ალტერნატივა უკრაინისთვის ნიშნავს ბირთვული იარაღის წარმოებას. იმ შემთხვევაში, თუ ნატო უკრაინას არ დაიცავს, მას დასჭირდება შესაბამისი ძალა, რომლითაც აგრესორს გაუმკლავდება.

უკრაინას მოუწევს შვეიცარიული მოდელით ხელმძღვანელობა: უნდა გაზარდოს სამხედრო ხარჯები და აღჭურვილობით მომარაგება (დნიპროში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საჰაერო კოსმოსური მწარმოებელი Pivdenmash, რაც უპირატესობაა იარაღის წარმოებაში) და შექმნას ატომური იარაღი, რომლის შესაძლებლობა 28 წლის წინაც ჰქონდა, თუმცა, უარი თქვა.

რატომ დათმო უკრაინამ ბირთვული იარაღი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინას მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული იარაღის არსენალი ჰქონდა. 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის გაფორმებით მან უარი თქვა ბირთვულ იარაღზე და სანაცვლოდ აშშ-მ, რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა კიევს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები მისცეს.

საბჭოთა კავშირის დაშლით გახარებული პაციფისტურად განწყობილი სამყარო შეთანხმდა იმაზე, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი დემოკრატიზაციის გზას დაადგებოდა და მთავარი საფრთხე საბოლოოდ განადგურებული იყო. პუტინმა მსოფლიოს საწინააღმდეგო დაუმტკიცა.

საზღვრებთან რუსული ჯარების დაგროვებისა და დონბასში სიტუაციის გამწვავების ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დახმარება ითხოვა და ამავდროულად გააკრიტიკა დასავლეთი, ვინაიდან აგრესორის საფრთხე ვერავინ შეაფასა რეალურად. უკრაინის ნატოში შესვლის შესაძლებლობა თუ ახლაც არ არსებობს, უკრაინამ გადარჩენისთვის ბირთვულ იარაღზე უნდა იფიქროს და წლების წინ "დაშვებული შეცდომა" გამოასწოროს. 

უკრაინაში არსებული ურანის საბადოებით ქვეყანა მთელი ენერგიის 30%-ს გამოიმუშავებს, უკრაინაში 15 მოქმედი ბირთვული რეაქტორია, რომლებიც მთლიანი ენერგიის 54%-ით უზრუნველყოფს (ჯერჯერობით) ქვეყანას. ამასთან, უკრაინა აშშ-სთან და რეაქტორების გამყიდველ Westinghouse-თან თანამშრომლობით აპირებს ქვეყანაში რეაქტორების მოცულობის ზრდას. მეტიც, უკრაინას აქვს პოტენციალი, ევროპისთვის ენერგიის მთავარი წყარო გახდეს. ამრიგად, ურანის მარაგი ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ბირთვული იარაღი შექმნას.

ნეიტრალური სახელმწიფო - რუსეთის მარიონეტი

“რუსეთის ყელზე ხანჯლის” მოსაშორებლად უკანასკნელ მოთხოვნად პუტინი უკრაინის ნეიტრალიტეტს აყენებს. ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე და არ დაუშვას უცხოური სამხედრო ბაზები იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინას რუსეთის გადაწყვეტილებით დარჩება. რუსული ხედვა ნეიტრალიტეტისადმი ასევე ნიშნავს მოსკოვის მეგობრულ მთავრობას კიევში, რომელიც ემორჩილება კრემლს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში.

სინამდვილეში: ნეიტრალური სახელმწიფო ნიშნავს სამხედრო თვალსაზრისით თვითმყოფად, შესაბამისად აღჭურვილ სახელმწიფოს, რომელსაც ბირთვული ჯინის წინააღმდეგ თავადაც აქვს ბირთვული იარაღი. ოკუპანტი რუსეთის პირისპირ, რომელიც აგრესიის აშკარა გამოხატვისგან თავს აღარ იკავებს, უკრაინას ან ნატო სჭირდება, როგორც დაცვის გარანტია, ან მილიტარიზაცია და ბირთვული იარაღი. რუსეთისგან ნეიტრალიტეტის მოთხოვნის პირობებში ნატოს ალტერნატივა ქრება - ამრიგად უკრაინამ ბირთვული იარაღი უნდა აწარმოოს. ისედაც განაწყენებული ზელენსკისა და გარანტიების დაუცველობით იმედგაცრუებული უკრაინისთვის მეორე ვარიანტი უფრო ხელსაყრელია.

რას უნდა ველოდოთ:

ომში მთავარი, რაც პუტინმა ვერ გათვალა - ეს თავად უკრაინელი ხალხია. ის პირველად შევიდა აზარტულ თამაშში პოზიტიურად მოტყუებული, რადგან დაავიწყდა მთავარი იარაღი, რომელიც ერს შეიძლება ჰქონდეს წითელი ღილაკის წინააღმდეგ - თავისუფლება. პუტინს მოუწევს ბლიცკრიგიდან დათმობით პოლიტიკაზე გადართვა, მას შემდეგ ექნება აზრი მოლაპარაკებებს და გადაკვეთის წერტილის ძებნას. მეორე საკითხია, რამდენად გაამართლებს დათმობა რუსული ელიტის მოლოდინებს.

მეორე რაუნდი ბოლოჟევში გაიმართა. ზუსტად იქ, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლას მოეწერა ხელი. ეს სიმბოლური ამბავია, ისტორიული პროცესების ნაწილი ვართ და კარგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, რუსეთის დაშლის მომსწრენი გავხდებით.

კომენტარები