მედია: მაკრონი პუტინთან საუბრის შემდეგ ფიქრობს, რომ უარესი ჯერ კიდევ წინაა

ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. 2018 წელი
Getty Images

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ მიიჩნევს, რომ პუტინს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურს და "უარესი ჯერ კიდევ წინ არის". ინფორმაციას Украинская правда ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს

წყაროს ინფორმაციით, პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ გააგრძელებს შეტევას მთელ ქვეყანაზე "კონტროლის აღების მიზნით". მისივე თქმით, რუსული არმიის ოპერაცია გეგმის მიხედვით ვითარდება და სიტუაცია უფრო დაიძაბება, თუ უკრაინელები მის პირობებს არ მიიღებენ.  

"პრეზიდენტი მაკრონი ელის, რომ უარესი წინ არის, იმის გათვლისწინებით, რაც მას პუტინმა უთხრა". - ამბობს მედიის წყარო. 

მაკრონმა და პუტინმა დღეს, 3 მარტს ისაუბრეს. პუტინმა მას უთხრა, რომ რუსეთი წარმატებით მიაღწევს უკრაინის დემილიტარიზაციას და მას ნეიტრალურად აქცევს - რა მიზანიც ჰქონდა. პუტინმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ნებისმიერი მცდელობა, გადადოს მოლაპარაკებები, მხოლოდ გამოიწვევს რუსეთის მიერ მისი მოთხოვნების გაფართოებას.

BBC-ის ცნობით, პუტინმა ასევე უთხრა მაკრონს, რომ იგი არ ეთანხმება საფრანგეთის ლიდერის გუშინდელ გამოსვლას, რომელშიც მან ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს დააკისრა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები