რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) რუს და ბელარუს მოციგურავეებს მათ მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. შეზღუდვა შეეხება ორგანიზაციის დაქვემდებარებულ სპორტის სხვადასხვა სახეობას, მაგალითად: ციგურებით რბოლას, ფიგურულ ციგურაობასა და სხვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ISU-მ საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.
ორგანიზაციამ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. მათივე თქმით, ისინი ფედერაციის წევრ უკრაინელებს ჰუმანიტარულ დახმარებასაც აღმოუჩენენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





