უკრაინის ქალაქ ხერსონის მერის თქმით, ქალაქზე კონტროლს უკრაინული მხარე ინარჩუნებს.
"გაზაფხულის პირველი დღე. ხერსონი კვლავაც უკრაინაა და ეს ამ დილის პირველი კარგი ამბავია. ღამის შემდეგ ცოტა ცვლილებაა, ქალაქი არ ყოფილა სროლის სამიზნე და ეს მეორე კარგი ამბავია. მზად ვარ ჩემი პირდაპირი მოვალეობების შესასრულებლად" - წერს მერი.
ხერსონი ხერსონის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია, ის ანექსირებულ ყირიმის ესაზღვრება. ბოლო ცნობებით, ხერსონი ალყაშია. რუსი სამხედროები ქალაქის შესასვლელებთან საგუშაგოებს აწყობენ. ხერსონის მერმა ქალაქის მცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





