რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ილონ მასკის კომპანიის სატელიტური ინტერნეტი STARLINK უფასოდ ჩაირთო 

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას ახალი თაობის სატელიტური ინტერნეტი და სპეციალური მოწყობილობები უფასოდ გადასცა

Starlink-ი კომპანია SpaceX-ის ინოვაციური პროდუქციაა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მაღალი სიჩქარის ინტერნეტის უკაბელოდ, სატელიტების მეშვეობით გავრცელების საშუალებას იძლევა. 

საგულისხმოა, რომ სატელიტური ინტერნეტის ტექნოლოგია ჯერაც ახალია და Starlink-ის სერვისი უკრაინაში არ იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ქვეყნის ვიცეპრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა Twitter-ზე SpaceX-ის ხელმძღვანელს, ილონ მასკს საჯაროდ მიმართა. 

"ილონ, სანამ თქვენ მარსის კოლონიზაციას ცდილობთ, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს! სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით ეშვებიან კოსმოსიდან, რუსული რაკეტები უკრაინელ მოსახლეობას ესხმიან თავს! გთხოვთ, უკრაინას მიაწოდოთ Starlink-ის სადგურები".
 
ფედოროვის მცდელობამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე საათში მასკმა მას უპასუხა: "Starlink-ის სერვისი ახლა უკვე უკრაინაში ხელმისაწვდომია, დამატებითი ტერმინალები გზაშია".   

Starlink-ის ანტენების და როუტერების ნაწილი უკვე ჩავიდა უკრაინაში და სატელიტური ინტერნეტიც ჩაირთო. აღსანიშნავია, რომ Starlink-ის გათიშვა რუსეთისთვის, პრაქტიკულად შეუძლებელია, ამისათვის არმიამ ან SpaceX-ის სატელიტები უნდა გაანადგუროს, ან უკრაინაში განთავსებული ანტენები და როუტერები. 
 

კომენტარები