რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ოკუპანტებს კიევში შემოჭრის ყველა მცდელობა ჩაეშალათ

28 თებერვლის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალები კიევის თავდაცვის გარღვევას კვლავ ცდილობდნენ, თუმცა მათი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ოლექსანდრ სირსკი ავრცელებს. 

მისი თქმით, რუსეთის ძალების კოლონებმა დედაქალაქის შემოგარენის შტურმი რამდენჯერმე სცადეს. თუმცა,  მოწინააღმდეგის ყველა გადაადგილება კონტროლის ქვეშ იყო.

"რუსი ოკუპანტების მცდელობა, მიეღწიათ მიზნისთვის, წარუმატებლობით სრულდებოდა. ოკუპანტის ტექნიკის კოლონები ნადგურდებოდა. მოწინააღმდეგემ პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა".- აცხადებს მაღალჩინოსანი. 

ასევე, სირსკის ცნობით, ამჟამად დედაქალაქში სიტუაცია კონტროლირებადია. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები