რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: რუსმა ოკუპანტებმა კიევთან მდებარე ანტონოვის აეროპორტზე კონტროლი აიღეს

CNN

CNN-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა, საჰაერო-სადესანტო ჯარებმა კიევთან მდებარე ანტონოვის აეროპორტზე კონტროლი აიღეს. ანტონოვის აეროპორტი კიევიდან, დაახლოებით, 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

"მათ მოგვცეს საშუალება, რომ შემოვსულიყავით და აქ ვყოფილიყავით. ისინი აეროპორტის პერიმეტრს იცავენ. ჯარები ვერტმფრენებით გამთენიისას დაეშვნენ, რათა მეტი სამხედროს გადმოსაყვანად საჰაერო ხიდი გაეკეთებინათ". - ამბობს ჟურნალისტი მეთიუ შანსი.

მისივე თქმით, ჯარებს უნიფორმაზე ნარინჯისფერი და შავი ზოლები აქვთ. ქვედანაყოფის მეთაურმა CNN-ს უთხრა, რომ სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს - შეტაკება, სავარაუდოდ, მოხდა უკრაინელ სამხედროებთან, რომლებიც აეროპორტზე კონტროლის დაბრუნებისთვის კონტრშეტევას აწყობენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები