დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პუტინის გადაწყვეტილების გამო, რუსული აქციების ფასები მკვეთრად ეცემა, რუბლი კი უფასურდება 

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების გამო, საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე რუსული კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად შემცირდა, რუსული რუბლი და აქტივები კი მნიშვნელოვნად გაუფასურდა

პუტინის განცხადებიდან რამდენიმე წუთში მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX) ინდექსის ღირებულება თითქმის 11%-ით შემცირდა, რაც 2014 წლის შემდეგ ინდექსის გაუფასურების ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია. 

რუსული კომპანიების აქციების (RTS) ფიუჩერსები, ანუ მომავალი ფასები 20%-ით შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები მომავალში რუსული აქციების კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას მოელიან და, შესაბამისად, ისინი სარისკო აქტივებში დაბანდებული კაპიტალის ამოღებას და რისკის შემცირებას ცდილობენ. 

18%-ით შემცირდა რუსეთის უმსხვილესი ენერგოკომპანიის, Gazprom-ის აქციების ღირებულებაც, რაც 2008 წლის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის შემცირების უდიდესი მაჩვენებელია.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება მყისიერად აისახა სავალუტო ბაზარზეც, ამჟამად ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი 79.7 რუბლს შეადგენს, რაც რუსეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

მაღალი ალბათობით, რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის გამწვავება რუსული კომპანიების აქციების და აქტივების ფასების რეკორდულ გაუფასურებას გამოიწვევს, დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემთხვევაში კი, რუსეთის ეკონომიკური და საფინანსო მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდება.


დუმის დეპუტატებმა 15 თებერვალს მხარი დაუჭირეს უკრაინის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას და ამისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმი პუტინს მიმართეს. 

რუსეთის დუმის გამოთქმულ მხარდაჭერამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ რუსეთის მიერ ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში რუსეთი დე-ფაქტო და დე-იურე დატოვებს მინსკის შეთანხმებას.

მინსკის შეთანხმება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების უკრაინის შემადგენლობაში ფართო ავტონომიით ყოფნას ითვალისწინებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.



 

კომენტარები