დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

საგარეო: დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების აღიარება ფაქტობრივად იმეორებს 2008 წელს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის მიერ დონეცისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარებს და წერს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრი რეაგირება ექნება უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ფაქტზე.

"საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც უაღრესად სერიოზული გამოწვევაა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგ უხეშ დარღვევას, რაც ფაქტობრივად იმეორებს 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, სამხედრო ინტერვენციის, შემდგომ კი ამ რეგიონისა და აფხაზეთის/საქართველო ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების და მათი ოკუპაციის სცენარს.

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ შეფასებას და რეაგირებას მისცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს და აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის ყოვლად მიუღებელ მცდელობას", - წერია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, კრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

პუტინმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას, ასევე მათთან თანამშრომლობის შეთანხმებას.

მიმართვის ბოლოს, პუტინმა უკრაინას დონბასში "სამხედრო ქმედებების" შეწყვეტა მოსთხოვა.

აქამდე, სეპარატისტების ლიდერებმა პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს

დუმის დეპუტატებმა 15 თებერვალს მხარი დაუჭირეს უკრაინის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას და ამისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმი პუტინს მიმართეს. 

კომენტარები