დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დონეცკში დაბომბვას 2 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, 4 კი დაიჭრა – გაერთიანებული ძალები

უკრაინელი სამხედრო დონეცკთან
GETTY IMAGES

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციული ცენტრის ინფორმაციით, 19 თებერვლის 20:00 საათის მონაცემებით, დონეცკში რუსეთის მხრიდან შეტევებს 2 უკრაინელი მებრძოლი ემსხვერპლა, 4 კი დაიჭრა. 

მათივე მონაცემებით, დონბასელი სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 101 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 88 შემთხვევაში კი მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენეს. ასევე დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატიც.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 18 თებერვალსვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები