დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ აგრესიას მძიმე შედეგები ექნება – G7-ის განცხადება

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებით უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიური გზა, განმუხტოს დაძაბულობა, რეალურად გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრებიდან და დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, რისკების შემცირებისა და სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობის შესახებ. პირველ რიგში, ჩვენ ველით, რომ რუსეთი შეამცირებს სამხედრო მოქმედებებს უკრაინის საზღვრებთან, როგორც ეს გამოცხადდა. აქამდე ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ ვნახეთ. ჩვენ რუსეთს მისი მოქმედებებით განვსჯით". – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ნებისმიერი მუქარა ან ძალის გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგის პრინციპებსა და მიღებულ დოკუმენტებს. ისინი რუსეთს მოსალოდნელ სანქციებზეც აფრთხილებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ გამოვნახოთ დიპლომატიური გზები უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად, რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას ექნება მძიმე შედეგები, მათ შორის, ფინანსური და ეკონომიკური სანქციები როგორც სექტორული, ისე ინდივიდუალური სამიზნეებისთვის. ჩვენ მივიღებთ კოორდინირებულ შემაკავებელ ზომებს მსგავსი მოვლენის შემთხვევაში". – წერია მიმართვაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დიდი შვიდეული შეშფოთებულია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მიერ ინსცენირებული ინციდენტებით, რომლებიც, შესაძლოა, რუსეთმა სამხედრო ესკალაციის საბაბად გამოიყენოს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 18 თებერვალსვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები