უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. პოლიტიკოსები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრებიან. შეხვედრის შემდეგ კულებამ ბლინკენს რუსეთის გეგმების შესახებ დამატებითი მონაცემების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლიერი ვარ აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის რუსეთის აგრესიულ გეგმებზე დამატებითი მონაცემებისა და შეფასებების გაზიარებისთვის. უკრაინა ახლა კიდევ უფრო კარგად არის მომზადებული ნებისმიერი შემდგომი სცენარისთვის. უკრაინული და ამერიკული დიპლომატია უკრაინის დასაცავად ძალისხმევას არ დაიშურებს. აშშ-ს მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით". – დაწერა კულებამ.
18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 18 თებერვალსვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.
დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.
დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.
პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.





