დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რუსეთი დონბასიდან თითოეულ ევაკუირებულს 10 ათას რუბლს გადაუხდის

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავრობას უბრძანა, რომ გამოეყო 10 000 რუბლი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი რეგიონიდან როსტოვის ოლქში ჩასულ ევაკუირებული პირებისთვის.

ამასთანავე, პუტინმა  საგანგებო სიტუაციების მინისტრს დაავალა, რომ ლტოლვითა განთავსების პროცესის გასაკონტროლებლად ჩასულიყო როსტოვის ოლქში.

18 თებერვალს დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ 18 თებერვალს გავრცელებულ ვიდეოში ორივე მარიონეტი ლიდერი იყენებს სიტყვას - "დღეს",  მეტამონაცემებიდან ირკვევა, რომ ვიდეო 16 თებერვალსაა ჩაწერილი.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

 

კომენტარები