მე-10 მოწვევის პარლამენტი

სკოლებსა და ბაღებში დროშის მუდმივად აღმართვა აუცილებელი გახდება – კანონპროექტი

პრეზიდენტის პრესსამსახური

პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც სკოლებსა და ბაღებში სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო გახდება. კანონპროექტის ავტორის, ქართული ოცნების დეპუტატ კახა კახიშვილის თქმით, ცვლილების მიზანი მცირე ასაკიდან პატრიოტიზმის პოპულარიზაციაა.

"კანონის შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებს ევალებათ დროშის აუცილებელი აღმართვა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოპულარიზაციის მიზნით, იმ მიზნით, რომ უფრო მეტად პატრიოტიზმი იყოს ჩვენს ქვეყანაში, საბავშვო ასაკიდან უნდა დავიწყოთ სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია.

ამიტომ, ამ კანონპროექტით გთავაზობთ ცვლილებას – საბავშვო ბაღებში, სკოლებში აუცილებელი გახდეს სახელმწიფო დროშის მუდმივი აღმართვა. შემდეგ უკვე მეთოდურად ბავშვების მიყვანა დროშასთან, ამის გაცნობა და სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის განთავსება თვალსაჩინო ადგილებში, ბავშვობიდან სწავლა ჩვენი ჰიმნის, იმისთვის, რომ უფრო მეტად გახდეს შემდგომში პატრიოტული გრძნობები. საზღვარგარეთ რომ დავდივართ, ჩვენ კარგად ვხედავთ, ზოგიერთ ქვეყანაში კერძო სახლებზეც კია გამოფენილი დროშები, მაგრამ ამავდროულად გვშურს თეთრი შურით. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი ტრადიცია და კულტურა დამკვიდრებული არ არის". – თქვა კახიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

მისივე თქმით, შესაძლოა, მომავალში კანონი ასევე გავრცელდეს უმაღლეს სასწავლებლებზეც.

კომენტარები