დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

იერუსალიმში დაპირისპირება გრძელდება, ღაზასთან კონფლიქტის განახლების შიში არსებობს

დაპირისპირება შეიხ ჯარაში, 2022 წლის 13 თებერვალი
The Times of Israel

იერუსალიმში, შეიხ ჯარას უბანში დაპირისპირება პალესტინელებს, ებრაელებსა და პოლიციას შორის ბოლო კვირაა რაც გრძელდება. არსებობს შიში, რომ მოვლენებმა, შესაძლოა, ღაზის სექტორთან დაპირისპირება განაახლოს. 

შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის პოლიციამ დააკავა ორი პალესტინელი, ებრაელების ოჯახის სახლის დაწვის ბრალდებით. შეიხ ჯარას უბანში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა პალესტინელი არაბები არიან, იოშვაივების გვარის ებრაულ ოჯახს კვირის განმავლობაში დაუწვეს სახლი და მანქანა. ებრალების თქმით, პოლიცია ამ მოვლენებში ჩართული არ იყო და ყურადღებას არ აქცევდა. ხანძრის მოწყობაში არაბებს ადანაშაულებდნენ. დაპირისპირება ეთნიკურ არაბებსა და ებრაელებს შორის კვირას, 13 თებერვალს დაიწყო.

მოვლენებში ჩაერთო ულტრამემარჯვენე ებრაული პარტიის, ოცმა იეჰუდითის ლიდერი და ქნესეთის დეპუტატი, ითამარ ბენ გვირი. იყო დაპირისპირება მის მხარდამჭერ ებრაელებს, პოლიციასა და პალესტინელებს შორის. მან იოშვაივების სახლთან დადგა მაგიდა, რომელსაც "საპარლამენტო ოფისს" ეძახის. აქ ის საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად არის და პოლიციისგან შეიხ ჯარაში ებრაელების დაცვის უზრუნველყოფას ითხოვს. 

ბენ გვირის ქმედებას უარყოფიდან აფასებს ისრაელის პრემიერმინისტრი, ნაფთალი ბენეტი. 

"არ გვჭირდება პროვოკატორები მოვიდნენ და ყველაფერი გააურაესონ საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო. ისრაელის დედაქალაქში ებრაელების სახლების დაწვა მიუღებელია. ჩვენ ამას მოვაგვარებთ და დავამყარებთ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ქალაქის მაცხოვრებლებისთვის. ეს არის ისრაელის მთავრობის პასუხისმგებლობა და სხვა არავის", – ამბობს ბენეტი. 

შეტაკებების დროს პალესტინელები პოლიციის მიმართულებით ისვროდნენ ქვებს. ისრაელის პოლიციამ მანათობელი ხელყუმბარები გამოიყენა. პოლიციამ დააკავა რამდენიმე პალესტინელი.

ისრაელს სერიოზული პასუხით ემუქრება ღაზის სექტორის მმართველი რადიკალური დაჯგუფება, ჰამასი. ჰამასი პალესტინელებს იერუსალიმში ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისკენ მოუწოდებს.

2021 წლის მაისში პალესტინური ანკლავის, ღაზის სექტორის მმართველმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის მიმართულებით ინტენსიური სარაკეტო იერიშები წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ალ-აკსას მეჩეთთან შეტაკებები მოხდა. მოვლენებს წინ უძღოდა არეულობა შეიხ ჯარას უბანში, პალესტინელების რამდენიმე სახლიდან გასახლების გამო. ბენ გვირმა ამ რაიონში მაშინაც მოაწყო საკუთარი "ოფისი".

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ისროლეს 3000-ზე მეტი რაკეტა, რომელთა უმეტესობაც საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათმა უვნებელყო. ჰამასის თავდასხმებს პასუხად ახლდა ისრაელის კონტრიერიშებიც. 11-დღიანი კონფლიქტის შემდეგ, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ეგვიპტის შუამავლობით გაფორმდა.

კომენტარები