4-დღიანი სამუშაო კვირა

ბელგიაში დასაქმებულებს 4-დღიანი სამუშაო კვირის არჩევა შეეძლებათ

ბელგიის პრემიერმინისტრი, ალექსანდრ დე კრო

ბელგიაში დასაქმებულებს 4-დღიანი სამუშაო კვირის არჩევა შეეძლებათ. შესაბამის რეფორმაზე ქვეყნის კოალიციური მთავრობა დღეს შეთანხმდა.

გარდა ამისა, დასაქმებულებს შეეძლებათ სამუშაო საათების გასვლის შემდეგ, სამსახურის ელექტრონული მოწყობილობები გამორთონ და უფროსების მხრიდან სამსახურთან დაკავშირებულ შეტყობინებებს არ უპასუხონ.

"ორი რთული წელი გავიარეთ. ამ შეთანხმებით, შუქს ავუნთებთ ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც ახლა უფრო მეტად ინოვაციური, მდგრადი და ციფრულია. რეფორმის მიზანი მოქალაქეებისა და ბიზნესის გაძლიერებაა". - თქვა ბელგიის პრემიერმინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ.

ამასთან, ახალი რეფორმების შედეგად, დასაქმებულთა უფლებები კანონით უფრო მეტად დაცული იქნება. სრულ განაკვეთზე მომუშავე მოქალაქეებს კი სურვილის შემთხვევაში საკუთარი გრაფიკის ცვლილების უფლებაც ექნებათ.

რეფორმის ძალაში შესვლა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დაჭირდება, რადგან კანონპროექტს დამტკიცებამდე, მხარი რამდენიმე მოსმენით უნდა დაუჭირონ.

კომენტარები