მე-10 მოწვევის პარლამენტი

ჯაფარიძე: მანდატის გარეშეც გავაგრძელებ ბრძოლას – ვრჩები იდეალების ერთგული

ჩვენი ამოცანა, სულისკვეთება არ შეიცვლება, სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები ამ პარლამენტში, პარლამენტის გარეთ, ჩემი ქვეყანა და ჩემი თანამოქალაქეები არიან ჩემი მთავარი პრიორიტეტი და მანდატის გარეშეც მე გავაგრძელებ ბრძოლას, რათა ქვეყანაში დადგეს ცვლილებები, რომლებიც სჭირდება თითოეულ მოქალაქეს. ქვეყანა ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს, ეს მდგომარეობა იწვევს საბოლოო ჯამში, სრულ ნიჰილიზმს ჩვენს მოქალაქეებში, ჭაობში დარჩენა ნიშნავს ჭაობში ჩაძირვას და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ.

ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში რეფორმები განხორციელდეს, პარლამენტის შიგნით, პარლამენტის გარეთ. მე მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, ეს ვერ გამოიწვევს ჩვენს გატეხას. კიდევ ერთხელ მინდა ყველა ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადო კეთილი სიტყვებისთვის და აღგითქვათ, რომ პარლამენტის გარეთაც დავრჩები იმ იდეალების და ღირებულებების ერთგული, რომელთა ერთგულიც ვართ ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში მთელი ეს წლებია.

თქვა ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში გამოსვლისას. საკანონმდებლო ორგანო დღეს, 15 იანვარს ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას უყრის კენჭს. ბადრი ჯაფარიძეს მანდატი სასამართლოს მიერ ჯაფარიძე/ხაზარაძე/წერეთლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე უწყვეტს.

კომენტარები