დემოკრატიის ინდექსი

კრამონი: გულსატკენია იმის დანახვა, რომ საქართველო განაგრძობს უკანსვლას დემოკრატიაში

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მსოფლიო დემოკრატიის ინდექსში საქართველოს მდგომარეობის გაუარესებას ეხმაურება და ქვეყნის პოზიციას გულსატკენს უწოდებს.

"გულსატკენია იმის დანახვა, რომ საქართველო განაგრძობს უკანსვლას დემოკრატიაში. მოლდოვას, სომხეთს, უკრაინასაც კი უკეთესი შედეგი აქვთ. ოდესღაც რეგიონში საქართველო მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ ახლა ის ეცემა ავტორიტარული მეზობლების, რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის დონეზე". – წერს კრამონი Twitter-ზე.

The Economist-ის 2021 წლის მსოფლიო დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ქულა გასულ წელს 5.31-დან 5.12-მდე შემცირდა და ის ამჟამად საერთაშორისო რეიტინგში "ჰიბრიდული რეჟიმის" სტატუსით, ჰონდურასსა და ლიბერიას შორის, 91-ე ადგილს იკავებს.

ამჟამად საქართველო რეგიონშიც აღარ არის გამორჩეული, რადგან მას უკვე 5.49 ქულით სომხეთიც უსწრებს. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს სომხეთის სარეიტინგო ქულა 4.02-ს შეადგენდა, 2016 წელს კი მას "ავტორიტარული რეჟიმის" სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, თუმცა მოკლე დროში მან საქართველოს გადაუსწრო.

კომენტარები