დემოკრატიის ინდექსი

THE ECONOMIST: დემოკრატიის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა, მას სომხეთმაც გაუსწრო

ტაბულა

The Economist-ის 2021 წლის მსოფლიო დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ქულა გასულ წელს 5.31-დან 5.12-მდე შემცირდა და ის ამჟამად საერთაშორისო რეიტინგში "ჰიბრიდული რეჟიმის" სტატუსით, ჰონდურასსა და ლიბერიას შორის, 91-ე ადგილს იკავებს.
 
ქვეყნისთვის სარეიტინგო ქულის მინიჭებისას ექსპერტები ძირითად ფაქტორებად საარჩევნო პროცესს, პლურალიზმს, პოლიტიკურ მონაწილეობას, ხელისუფლების ფუნქციონირებას, პოლიტიკურ კულტურასა და სამოქალაქო თავისუფლებას ითვალისწინებენ. 

რეიტინგის სათავეში 9.75 ქულით ნორვეგიაა, მეორე ადგილს ახალი ზელანდია (9.37 ქულა), მესამეს კი 9.27 ქულით ფინეთი იკავებს. საერთაშორისო რეიტინგის ბოლო, 167-ე ადგილზე 0.32 ქულით ავღანეთია, 166-ე ადგილზე მიანმარი, 165-ზე კი – ჩრდილოეთ კორეა. 

"ჰიბრიდული რეჟიმიდან" შედარებით მაღალ, "ნაკლული დემოკრატიის" კატეგორიაში გადანაცვლებისათვის საქართველოს სარეიტინგო ქულამ 6-ს უნდა გადააჭარბოს. საგულისხმოა, რომ 2013 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა 5.95-ს შეადგენდა და ის საკმაოდ ახლოს იყო დაწინაურებასთან, თუმცა 2014 წლიდან ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. 

ამჟამად საქართველო რეგიონშიც აღარ არის გამორჩეული, რადგან მას უკვე 5.49 ქულით სომხეთიც უსწრებს. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს სომხეთის სარეიტინგო ქულა 4.02-ს შეადგენდა, 2016 წელს კი მას "ავტორიტარული რეჟიმის" სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, თუმცა მოკლე დროში მან საქართველოს გადაუსწრო.

The Economist-ის შეფასებით, 2021 წელს მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რაც, ძირითადად, პანდემიურ პერიოდს უკავშირდება. 2020 წელს მსოფლიოს საშუალო სარეიტინგო ქულა 5.37-ს შეადგენდა, ამჟამად კი ის 5.28 შეადგენს. საგულისხმოა, რომ საქართველოს სარეიტინგო ქულა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზეც კი დაბალია. 

კომენტარები