NATO-საქართველო

ილვესი: რომ გვცოდნოდა, პუტინი 2022-მდე კრემლში დარჩებოდა, იქნებ საქართველო NATO-ში მიგვეღო

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი

ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ძალაუფლებაში აქამდე დარჩენის ცოდნის შემთხვევაში, 2008 წელს, შესაძლოა, საქართველო და უკრაინა NATO-ში მიეღოთ.

"2008 წელს პუტინი ძალაუფლებაში 8 წლის განმავლობაში იყო. იმ დროს რომ გვცოდნოდა, რომ ის დარჩებოდა კრემლში 2022 წლამდე, 2030-მდეც კი, იქნებ ქართველებისა და უკრაინელებისთვის გვეთქვა, რომ მათ [NATO]-ში მივიღებდით", – თქვა ილვესმა გერმანულ მედიასთან. 

მან ასევე დაამატა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის map-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) გადაცემას გერმანია და საფრანგეთი ეწინააღმდეგებოდნენ. ამის შესახებ ილვესმა ისაუბრა იმ შეკითხვის პასუხად, თუ რა დაამახსოვრდა ყველაზე მეტად 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან.

"პირველ რიგში ის, რომ პუტინმა პრეზიდენტ ბუშს უთხრა: "უკრაინა სახელმწიფო არ არის". ამან ბუშზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. საუბრის დროს ყველას ამას ეუბნებოდა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, საქართველოსა და უკრაინისთვის [NATO-ს] წევრობისკენ გზა არ გაეხსნათ, მარტივად მიიღეს: ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ თქვეს "Nein" და "Non". მახსოვს, პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი პირდაპირი მნიშვნელობით აფეთქდა და გერმანიის დელეგაციასთან კამათი დაიწყო. ამის შემდეგ ცნობილი კომპრომისი შემუშავდა – დაჰპირდნენ მიღებას, მაგრამ კონკრეტული თარიღები არ დაასახელეს. ამ გადაწყვეტილებამ პუტინს აუნთო მწვანე შუქი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ქმედებებზე", – გაიხსენა ილვესმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მოვლენები.

ილვესმა ასევე თქვა, რომ დღეს საქართველოს NATO-ში შესვლა გაუჭირდება, რადგან დემოკრატია და კანონის უზენაესობა ცუდ მდგომარეობაშია, ხელისუფლებას კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის საერთო ღირებულებების არსებობის დამტკიცება გაუჭირდება.

"გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი გეგმა მხოლოდ შეიარაღებული ძალების გარდაქმნის პროცესი არაა. ეს ეხება ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობასაც. ამ პარამეტრით საქართველო რთულად თუ შეძლებს NATO-ში გაწევრიანებას. ბოლო წლებში საგრძნობლად გაუარესდა სიტუაცია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებას NATO-ს წევრებისთვის გაუჭირდება დამტკიცება, რომ საქართველო მათ ღირებულებებს იზიარებს. ეს ცივი ომის პერიოდში შეეძლო დემოკრატიის დეფიციტის მქონე ქვეყანას ალიანსში შესვლა, თუმცა დღეს – არა", – თქვა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

კომენტარები