დმიტრი გუდკოვი

გუდკოვი სამხარაძეს: აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წელს აღიარა, დეპუტატი 2011-ში გავხდი

დმიტრი გუდკოვი
Reuters

რუსი ოპოზიციონერი, დმიტრი გუდკოვი, საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტერის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს ეხმიანება, რომელმაც გუდკოვის საქართველოში არშემოშვებაზე განმარტებები გააკეთა. 

სამხარაძემ თქვა, რომ გუდკოვთან დაკავშირებით "ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა" და აღნიშნა, რომ გუდკოვმა დუმის წევრობის დროს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობაც აღიარა. 

ამასთან დაკავშირებით, რუსმა ოპოზიციონერმა FACEBOOK-მიმართვა გაავრცელა:

"როგორც იქნა მივიღე საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პასუხი. ალბათ, დიდი ხანი ფიქრობდნენ,  როგორ აეხსნათ, რატომ არ შემიძლია მივირთვა ხინკალი მშვიდობის ხიდის ხედით. როგორც იქნა მოიფიქრეს, ვციტირებ ნიკოლოზ სამხარაძეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ მე არ შემომიშვეს, რადგან რუსეთის დუმის იმ მოწვევის დეპუტატი ვიყავი, რომელმაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ნავალნიმ შეურაცხყოფა მიაყენა ქართველებს 2008 წელს. აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთის დუმამ 2008 წელს აღიარა და დეპუტატი მე 2011 წელს გავხდი.

ოკუპაციის შესახებ კანონის მიღების შემდეგ მე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არც ერთხელ არ ვყოფილვარ, რადგან პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, განსხვავებით რუსეთის დუმის დეპუტატი გავრილოვისა, რომლის პარტიამაც მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მე  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე არ ვმჯდარვარ და როგორც გვახსოვს, საქართველოს ხელისუფლებას ეს უხაროდა. 

მე დმიტრი გუდკოვი მქვია და არა ალექსანდრ ნავალნი. მესმის, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს თავი მოაწონოს პუტინს. სააკაშვილის ციხეში ჩასმა საკმარისი არ არის, საჭიროა სხვა რიტუალური ჟესტები რომ ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ".- ამბობს დმიტრი გუდკოვი. 

ამასთან, გუდკოვმა ნიკოლოზ სამხარაძესაც მიმართა: "იქნებ ისე მაინც მოიტყუო, რომ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდე? ლუბოვ სობოლიც რუსეთის დუმის დეპუტატი იყო? იგორ კოჩეტკოვსაც ნავალნი ჰქვია? შეგახსენებთ, რომ ისინიც არ შემოუშვეს საქართველოში. დამთხვევაა?"

გუდკოვი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივს სცემს და იმედოვნებს, რომ ორივე ქვეყანა - რუსეთიც და საქართველოც თავისუფალი და დემოკრატიული გახდება. 

დმიტრი გუდკოვი საქართველოში 31 იანვარს არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

"ჩამოვფრინდი კიევიდან თბილისში. სახელმწიფო დონეზე მიღებულია გადაწყვეტილება უკან კიევში ჩემს დეპორტაციაზე. გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ჩემი ვიზიტის შესახებ ყველა გაფრთხილებული იყო, მე ჩამოვედი ოფიციალური მოწვევით. დაგეგმილი იყო შეხვედრები აქტივისტებთან და დიპლომატებთან. ახსნა არ არის, უბრალოდ მესაზღვრეების თანაგრძნობის გამომხატველი ჟესტები. ყველას ესმის, მაგრამ... ესეც თქვენი რუსული ემიგრაციის ცენტრი. ესეც თქვენი რბილი ძალა." - დაწერა მან. 

რუსი ოპოზიციონერი უკრაინაში გასული წლის ივნისში ჩავიდა. გუდკოვი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც აღძრულია მოტყუებით საკუთრებისთვის ზიანის მიყენების ან ნდობით ბოროტად სარგებლობით მოტყუების მუხლით, რომელმაც განსაკუთრებით დიდი ზარალი გამოიწვია. სასჯელის მაქსიმალური ზომა 5 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

უფლებადამცველის პაველ ჩიკოვის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე 2015-2017 წლებში მოსკოვის მერიისთვის ფართის ქირის ვალის გადაუხდელობისთვის აღძრეს. საქმეში დაზარალებულად მიიჩნევა მოსკოვის სახელმწიფო საკუთრების დეპარტამენტი.

გენადი გუდკოვი გამოცემა Sota-სთან საუბრისას ყვება, რომ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მილიონიანი დავალიანების გამო აღძრეს, რომელიც მოსკოვში ერთ-ერთ სარდაფს უკავშირდება. გენადი გუდკოვის თქმით, ფირმა, რომელიც ამ დაწესებულებას ქირაობდა და რომელიც დმიტრი გუდკოვის ნათესავებთან არის დაკავშირებული გაკოტრდა და ფართი 2017 წელს მოსკოვის მერიას დაუბრუნდა.

დმიტრი გუდკოვი მის წინააღმდეგ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დმიტრი გუდკოვი და მამამისი გენადი რუსეთის დუმის პარლამენტარები იყვნენ. გენადი გუდკოვი 2012 წელს კორუფციაში ბრალდებების გამო, კანონმდებლების მიერ კენჭისყრით, 2012 წელს პარლამენტიდან გარიცხეს. დმიტრი გუდკოვი კი 2013 წელს გარიცხეს პარტიიდან სამართლიანი რუსეთი და 2016 წელს დუმის არჩევნებში მონაწილეობისას პარლამენტში მანდატი ვერ მოიპოვა. მოგვიანებით დმიტრი ლიბერალ დემოკრატიულ პარტია ვაშლს შეუერთდა.

კომენტარები