ციფრული ვალუტა

ინდოეთი საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავს

ინდოეთის ცენტრალური ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის (CBDC) შექმნას გეგმავს, რომელიც, სავარაუდოდ, გამოსაცდელ ფაზაში 2023 წლიდან გაეშვება. 

"ციფრული ვალუტის შექმნა ინდოეთის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება. CBDC-ის შემოღება ვალუტის მენეჯმენტის შედარებით ეფექტური სისტემების შექმნას გამოიწვევს". – თქვა ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითარამანმა. 

ცენტრალურ ბანკს არ განუმარტავს, ზუსტად რომელ ტექნოლოგიას გამოიყენებს ციფრული რუპია და იქნება თუ არა ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული, თუმცა, სავარაუდოა, რომ ინდოეთმაც ჩინეთის მაგალითი გაზიაროს და დეცენტრალიზებულის ნაცვლად, სრულად ცენტრალიზებული ციფრული ვალუტა შექმნას.

ციფრული ვალუტა არ არის კრიპტოვალუტა, მას ეროვნული ბანკი გამოსცემს ის ნაღდი ანგარიშსწორების ევოლუციაა. გარდა CBDC-ის ცენტრალიზებული ბუნებისა, კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, ის კონსენსუსის მექანიზმად ბლოკჩეინ ტექნოლოგიას არ იყენებს. 

კრიპტოვალუტასა და ციფრულ ვალუტას შორის მთავარი მსგავსება ისაა, რომ ორივე ვირტუალურია, თუმცა CBDC-ის აქვს შესაბამისი ფიზიკური ვერსია, ანუ იგივე ნაღდი ფული, ხოლო კრიპტოვალუტა მხოლოდ კიბერსივრცეში არსებობს. 

აღსანიშნავია, რომ ციფრული ვალუტის შექმნაზე თითქმის ყოველი განვითარებული სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი მუშაობს, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკიც. ჯერჯერობით ამ პროცესში ჩინეთი ლიდერობს, რომელმაც ციფრულ იუანზე აქტიური მუშაობა 2014 წლიდან დაიწყო.

უსაფრთხოების მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარდა აშკარა უპირატესობებისა, ციფრული ვალუტა მთავრობებს თვალთვალისა და ინფორმაციის მოპოვების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. განსაკუთრებით მწვავეა კრიტიკა ჩინეთის კომუნისტური მთავრობის განზრახვების მიმართ.

კომენტარები