უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

დავითულიანი: უნდა გავიაზროთ, წალენჯიხის რეზოლუციით მსოფლიო გეოპოლიტიკას ვერ შევცვლით

უკანასკნელი წლების მარტივი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სამწუხაროდ არც აგვისტოს ომის ცხელ ფაზაში გადასვლამ მოუტანა ჩვენ ქვეყანას კარგი შედეგები და ის ომი ნამდვილად წავაგეთ და არ მოგვიგია, როგორც ამას ჩვენ ვიღაცეები გვაზეიმებდნენ.

არც რომელიმე სხვა რეგიონში არსებული ცხელი კონფლიქტები რუსეთისთვის სავალალო და თავისუფალი სამყაროსთვის საკეთილდღეოდ დასრულდა. სამწუხარო რეალობაა ეს!

ამ ფონზე რა საჭიროა, რატომ ვხდით სადაოდ კონფლიქტის გამწვავება - არ გამწვავების საკითხს და რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღება რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე უკრაინის მხარდამჭერი, ამის ლოგიკას ვერ ვხედავ. რეზოლუციაში რუსეთს ჩავწერთ თუ არა არავის აქვს ილუზია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ეს რამეს შეცვლის, თუმცა აქ გადის ზუსტად ის ხაზი ვინ რას ვემხრობით. ჩვენ ვემხრობით მშვიდობას, ნაბიჯ-ნაბიჯ დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას, მაქსიმალურ სიფრთხილეს რათა შევძლოთ ამ მიზნების მიღწევა. თქვენ პირიქით - გგონიათ, რომ ამ მკაფიო ნაბიჯების და კონფლიქტის შესაძლო გამწვავებით, შეიძლება რაღაც შანსი გაჩნდეს და უბრალოდ ეს შანსი არ ჩნდება.

მე მგონი, ჩვენი მომავლის წინაშე გვმართებს პასუხისმგებლობა ვიყოთ ფრთხილები, გონივრულები და ურა-პატრიოტული გამოხტომებით მიზანს რომ ვერ ვაღწევთ და წალენჯიხის რეზოლუციით გეოპოლიტიკას მსოფლიოსას ვერ შევცვლით, მინიმუმ ეს უნდა გავიაზროთ.

ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი, პარლამენტის სესიის სხდომაზე. მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივად მიღებას აპირებდა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ოპოზიციის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ჩაგდების პარალელურად, ქართულმა ოცნებამ თავად მოამზადა რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის. როგორც მმართველი გუნდის საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "რეზოლუციის ტექსტი პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლილია".

კომენტარები